ფეხბურთი

17:08 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: "ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ"

საქართველოს ნაკრებისა და ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელმა ლაშა დვალმა გადაცემა „სპორტი იმედზე“ ინტერვიუში ევრო 2024-ზე გასვლის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პენალტის შესრულების დროს თავდაჯერებული იყო და დარტყმაც ამიტომ გადაწყვიტა. დვალის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თავისი სათქმელი უნდა თქვას.

„ძალიან მაგარი დღე იყო, მგონია, რომ ეს მოგონება მთელი ცხოვრება გაგვყვება. თავდაჯერებული ვიყავი, შინაგანად ვგრძნობდი, რომ პენალტს გავიტანდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. გულშემატკივრების და ფეხბურთელების ენერგიის ჩადებამ ერთობლივად ისტორიული შედეგი გამოიღო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.

ფანებს უღრმესი მადლობა, მათ გარეშე ბევრად ნაკლები შანსი გვექნებოდა. ყოველთვის ვიხსენებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალს, როცა გულშემატკივარი არ იყო დაშვებული და რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა იქონია თამაშზე. ამ მატჩზე კი განსხვავებული მუხტი იქმნებოდა გულშემატკივრის მხრიდან. დიდი მადლობა მათ და ველოდებით გერმანიაში, იმედია, დიდ ტურნირებზე ხშირად გავალთ.

ფეხბურთელები გუნდებში დავბრუნდით, ყველას თავის გუნდში თავისი მიზანი აქვს. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის და უნდა მივყვეთ ჩვენს გეგმას, რომ ივნისის შეკრებისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყოთ.

ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. შეიძლებოდა უარეს და უკეთეს ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით, მაგრამ შეიძლება წარმატების მიღწევა ამ ჯგუფში და დარწმუნებული ვარ, მთელ გუნდს სჯერა. ეს არის მიზანი. ევროპის ჩემპიონატზე გასვლით არაფერი მორჩენილა, იქ ჩვენი სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვათ“, - განაცხადა დვალმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალი საქართველოს ნაკრების წევრი 2015 წლიდანაა და დღემდე 31 სანაკრებო შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114182