რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "აიბროქსის" სტადიონზე შოტლანდიას დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. "აიბროქსის" სტადიონზე თორნიკე ოქრიაშვილს არ უვარჯიშია. მიზეზი ფეხბურთელის ბელგიაში მიღებული ტრავმა გახდა. შეძლებს თუ არა "გენკის" ლეგიონერი და მიმდინარე საკვალიფიკაცო ეტაპზე პირველი ქართული გოლის ავტორი მოედანზე გასვლას უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გაირკვევა.
ბოლო ვარჯიშამდე თემურ ქეცბაიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა (იხილეთ). პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არნემის "ვიტესის" წევრ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ვაკო ყაზაიშვილი: "ძალიან სამწუხაროა,როდესაც შეხვედრას ბოლო წუთზე აგებ, მაგრამ ეს იყო ერთი თვის წინ და ჩვენ ეს მატჩი უკვე დავივიწყეთ. ხუთი დღეა შოტლანდიაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგად მოვემზადეთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნის მიუხედავად ჩვენი მიზანია, რომ შეხვედრაში მინიმუმ ქულის აღება მოვახერხოთ".შოტლანდიასა და საქართველოს შორის მატჩი "აიბროქსის" სტადიონზე თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრას ჩეხ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება. თამაშის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური, გლაზგო, შოტლანდია







