ფეხბურთი

19:24 | 15.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ველოდები, ეს კოშმარი როდის დასრულდება"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მისი გუნდისთვის კოშმარული შესარჩევი ეტაპია.

„არ ვიცი, პირველი ტაიმის მერე რა მოხდა, რატომ ვითამაშეთ ასე მეორე ნახევარი, ეგრევე გოლი გავუშვით და ამან გუნდი დაშალა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მთელი შესარჩევი ეტაპი 45 წუთი მაქსიმუმ 1 საათი გუნდი თამაშობს, შემდეგ ბევრ პრობლემას ვაწყდებით. გასაგებია, გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, შეიძლება მან პასი ვერ გააკეთოს, ბურთი დაკარგოს, მაგრამ მიუღებელია, როცა არ დარბის. ველოდებით, როდის დასრულდება ეს კოშმარული შესარჩევი ეტაპი. შესაძლოა, საქართველოსთან პირველ მატჩში მეტს ვიმსახურებდით, დღესაც პირველ ტაიმში, მაგრამ ქულა არ გვაქვს და ერთი თამაში დაგვრჩა.

რა თქმა უნდა, ამბიციური ფეხბურთელი ვიყავი და მწვრთნელი ვარ, არ არის ადვილი ამის გადატანა, მაგრამ არ შემეძლო წავსულიყავი, როცა წილისყრის შედეგები გავიგე, რადგან მაშინაც ლაპარაკი იყო, რომ ყურადღება ერთა ლიგაზე უნდა გვქონოდა. არ მინდა, ხალხმა ჩემი გუნდი მეორე ტაიმით განსაჯოს, რადგან გვყავს 3-4 ფეხბურთელი, რომლებიც გვაკლდნენ და რომ დაგვემატებიან, უკეთესის რაღაცის გაკეთება შეიძლება. ჩვენთვის სამწუხარო ისაა, რომ უთამაშებელი ბევრი ფეხბურთელი გვყავს და ასეთ დონეზე ერთი ტაიმი საკმარისი არ არის.

პირველი ტაიმი, როგორც დავიწყეთ, ისე დავიწყეთ მეორეც, მაგრამ სწრაფად გავუშვით გოლი, რასაც მეორე გოლიც მოჰყვა. სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ფეხბურთელები კვიპროსის ჩემპიონატში უთამაშებლები არიან და მერე ამ დონეზე გამოსვლა ძნელია. ეს არის ჩვენი პრობლემა - პირველ ტაიმს კარგად ვატარებთ, მეორე ნახევარში იკარგება კონცენტრაცია, ძალა და სამწუხაროდ ასე მთავრდება ყველა თამაში“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 6 ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114226