რაგბი

21:50 | 6.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

შალვა მამუკაშვილი: "უელსთან მატჩი რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელისთვის ბოლო იქნება"

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა შალვა მამუკაშვილმა და ლუკა მატკავამ უელსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, კარგად მოემზადნენ და მეტოქეს იოლი გასეირნება არ ექნება.

შალვა მამუკაშვილი: „პირველ რიგში ამ უელსს და იმ უელსს შორის, რომელსაც მოვუგეთ, სხვაობა მთავარი მწვრთნელია, შემადგენლობაშიც არის ცვლილებები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ტესტ-მატჩებში თამაში სრულიად სხვადასხვა რამეა. აქ ყველა სხვანაირადაა ყველა მომზადებული. უელსს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უნდა, ამიტომ, ბევრად რთული მატჩი იქნება, ვიდრე კარდიფში გვქონდა. ფიჯისთან ბევრი ტრავმები იყო, დაგვაკლდნენ მოთამაშეები, მაგრამ ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ, ის თამაში ვაჩვენოთ, რაც აქამდე არ გვიჩვენებია. ეს ბოლო თამაში იქნება რამდენიმე ჩვენი თანაგუნდელისთვის, მთავრდება ციკლი, იცვლება თაობები და ამ შემადგენლობით კიდევ ერთხელ ვერ გავალთ მოედანზე. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ არის მოტივაცია, რომ მაგრად ვითამაშოთ“.

ლუკა მატკავა: „უელსმა სამივე თამაში მოიგო, ძირითადი შემადგენლობით ითამაშებენ, უნდათ ყველა მატჩის მოგება, მაგრამ იოლი გასეირნება არ ექნებათ. კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ, მზად ვართ მატჩისთვის. გვინდა, რომ დადებით ნოტაზე დავასრულოთ მსოფლიოს ჩემპიონატი და მოედნიდან თავაწეულები გავიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ უელსის და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. ეს შეხვედრა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებისთვის“ ბოლო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064366