ფეხბურთი

13:43 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის უხმობი ტოტი

ქართველებს ფრანჩესკო ტოტი არ უყვარს. ეს არც არის გასაკვირი. შეშლილი რომაელის მიერ საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული მავანისთვის საეჭვო პენალტები ჯერ ისევ დაღად ატყვია ქართველ ქომაგებს. მაგრამ, მტერსაც და მოყვარესაც, მოძულეებსაც და მასზე გადარეულებსაც მაინც სულ უწევთ იმისა აღიარება, რომ ფრანჩესკო ტოტი როგორც ფეხბურთელი, როგორც ლიდერი, როგორც კაპიტანი, როგორც მეგოლე, როგორც ასისტი და როგორც თვალსაჩინო ფიგურა, მუდამ დარჩება იტალიური და არამხოლოდ იტალიური ფეხბურთის ესოდენ ეკლექტურ და მრავალწახნაგოვან ისტორიაში.

ახლა, როდესაც დიდი ფეხბურთის ცქერა ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული და მაგარზე მაგარი ფეხბურთელებიც თითქოს „გაგვიშინაურდნენ“ და შესაბამისად გაუბრალოვდნენ, სისხლხორცეულად გვაკლია ფრანჩესკო ტოტისნაირი ხალხი, რომლებიც ფეხბურთს გოლის, პასის, ტაბლოზე სასურველი ანგარიშის და გამარჯვებების გარდა, უფრო მეტს, ხშირ შემთხვევაში გამოუთქმელად მეტს სძენდნენ.

ეს ის ფერადოვნებაა, რაც არასოდეს გავიწყდება. შეიძლება ჩვენი მეხსიერების კუნჭულში მიიკარგოს ნანახი რომელიმე თამაშის ყველა მომენტი, მატჩის შედეგიც კი, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდეს ფრანჩესკო ტოტის ემოციები ცალკეულ მომენტში, მის მიერ ტრიბუნების ხასიათზე მოყვანა, თანაგუნდელებისთვის შემოძახება, თუნდაც მსაჯთან ჩხუბი, თუნდაც მოწინააღმდეგისთვის სრულიად აბსურდული მიზეზით საქმის გარჩევა, ანდა უსაზღვროდ გულრწფელი სამადლობელი პასაჟები გაბრიელ ბატისტუტას მიმართ, რომელმაც ბევრისდა გასაკვირად, უმდიდრეს კლუბებს ტოტის „რომა“ არჩია და აკი გააჩემპიონა კიდეც.

დღეს იტალიური ფეხბურთის მარად უხმობი ტოტი - ფრანჩესკო ტოტი 47 წლის გახდა. წლები მართლაც რომ უსწრაფესად გადიან და ვეღარც კი იხსენებ პირველად როდის ნახე ტოტი ლურჯი თუ წითელი მაისურით. როდესაც პატარა ხარ და შენზე სულ რამდენიმე წლით უფროსი ასაკის ფეხბურთელის მაგარ თამაშს უყურებ, მისი განსაკუთრებულობა და სიდიადე, სხვა ყველაფერთან ერთად, გგონია, რომ ასაკითაც განისაზღვრება. შემდეგ გადის წლები, წლები გემატებათ შენც და შენს კუმირებს, მერე ფეხბურთელი დიდი ფეხბურთიდან მიდის, წლები კი ისევ აგრძელებს სრბოლას და ის რამდენიმე წელი, რაც თქვენს შორისაა, უკვე აღარაფრად მოგიჩანს. შემდეგ კი ტოტის და მის პლეადას „შენი თაობის ფეხბურთელებს“ ეძახი და ყველა ახალ ვარსკვლავს ძველ ფეხბურთელებს ადარებ.

სულ ბოლოს კი აუცილებლად აღმოაჩენ, რომ ძალიან ემსგავსები უფროსი თაობის ქომაგებს, რომლებიც გიო ქინქლაძეში გარინჩას ეძებდნენ და შოთა არველაძეში კი სტრელცოვს ხედავდნენ.

ტოტი? ტოტის ენაცვალოს ჩემი თავი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118525