ფეხბურთი

18:58 | 21.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "იტალია მცველისთვის საუკეთესო ადგილია, აქ თამაში ოცნება იყო"

„ტორინოს“ ქართველი მცველი საბა საზონოვი იტალიურ კლუბში წარადგინეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

- როგორი იყო პირველი დღეები „ტორინოში“?

- პირველი დღეები ყველაზე საინტერესო იყო, რადგან ეს იყო პირველი შეხება გუნდთან და მწვრთნელთან. ძალიან კარგად ჩაიარა, რადგან მაშინვე ყველას ვესაუბრე. იურიჩს აქვს თავისი სათამაშო მეთოდი, ძალიან ზუსტი ტაქტიკური იდენტობა. მან ამიხსნა, რა უნდა ჩემგან. ის ძალიან კონკრეტულ რაღაცებს ითხოვს ცენტრალური მცველებისგან. ცხადია, ეს განსხვავებული სტილია, ვიდრე მე ვიყავი მიჩვეული, მაგრამ მომწონს ის, რასაც ჩემგან ითხოვს, რადგან მომწონს დუელებში შესვლა, ეს არის ის, რაც ჩემს თვისებებს შეესაბამება. ტაქტიკა კარგად უნდა გავიგო და გუნდთან ახლოს იყო. იმედი მაქვს, რომ მალე მექნება ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი.

- „ტორინოს“ დაცვას საკმაოდ განსაზღვრული იდენტობა აქვს. რა შეგიძლიათ ისწავლოთ სხუურსისგან, ბონჯორნოსა და როდრიგესისგან?

- მომწონს, რომ კონკურენციაა, რადგან ეს გაძლიერებს. თუ არ არის კონკურენცია, გასაუმჯობესებლად არ მოძრაობ. ძალიან ძლიერი და ჭკვიანი მცველები გვყავს, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ. არ ვიტყოდი, რომ მათგან რაიმე უნდა ვისწავლო, მაგრამ უნდა გავიგო, რისი გაკეთება შეგვიძლია მოედანზე ერთად. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- თქვენს ქვეყანაში საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა. იცნობთ მას? ესაუბრეთ? თუნდაც იტალიურ ფეხბურთზე...

- ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მომწერა და იტალიაში გადასვლა მომილოცა. მან მხოლოდ დადებითი მითხრა აქაურ ფეხბურთსა და იტალიელ ფანებზე. ერთად ვთამაშობთ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ვუთხარი, რომ აქ ერთმანეთის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გვექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთი სული მაქვს „ტორინო“ – „ნაპოლის“ მატჩი გაიმართოს.

- იურიჩი 3-კაციანი დაცვით თამაშობს. ცენტრში გირჩევნიათ თუ მარჯვნივ თამაში?

- ცენტრში თამაში მომწონს, მაგრამ მარჯვნივაც. ეს არის შეკითხვა, რომელიც მწვრთნელს უნდა დაუსვათ, ყველაფრისთვის მზად ვარ, კარში სათამაშოდაც კი.

- რა არის თქვენი სეზონური მიზნები?

- ბევრს ვიმუშავებ, რომ მწვრთნელი დავარწმუნო ძირითადში მათამაშოს. ვიცი, რომ იტალიის ჩემპიონატი მცველებისთვის ძალიან სასარგებლოა. მინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატარო.

- რატომ ამჯობინეთ ორმაგი მოქალაქეობით საქართველოს ნაკრებში თამაში?

- დედაჩემი ქართველია, მამაჩემი კი რუსი. არ მიყვარს ახსნა, რთული არჩევანი იყო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქართველი ფეხბურთელი ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ვითამაშე.

- რამდენად კმაყოფილი ხართ იტალიაში გადმოსვლით?

- იტალიაში თამაში ოცნება იყო. ვიცი ინგლისური ენა, მაგრამ იტალიურს ვსწავლობ. მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დამეწყო. მომწონს იტალიური ფეხბურთი და მისი სტილი. მინდოდა ამ ლიგაში მეთამაშა, რათა განვითარებულიყავი.

- რატომ აირჩიეთ „ტორინო“? იცოდით ამ კლუბის ისტორია?

- ზოგიერთი ფრაზა ვიცი: „ჩვენ ვართ ტორო“, „ჩვენ ვართ გრანატა“. „ტორინოსთან“ მოლაპარაკებები გარკვეული ხანი მიდიოდა, ეს არის ძალიან კარგი კლუბი, რომელიც სერია A-ში სტაბილურად თამაშობს, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ბევრი შესანიშნავი მოჰყავს. აქ მოსვლა იურიჩის, ქალაქის, გუნდისა და მთელი რიგი მიზეზების გამო გადავწყვიტე. მომწონს აქ ყოფნა.

- როგორია ვარჯიშებზე საპატას, სანაბრისა და პელეგრის წინააღმდეგ თამაში? რას ფიქრობთ მათზე?

- მათთან ყოველდღე ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა თვალსაზრისით ძალიან ძლიერები არიან. ასეთი ადამიანის წინააღმდეგ სათამაშოდ ყოველთვის ყურადღებით და ფხიზლად უნდა იყო. უნდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენს გუნდში არიან და არა მეტოქის რიგებში.

- როგორ ფიქრობთ, იურიჩი კმაყოფილია თქვენი პროგრესით?

- ჯობია, მას ჰკითხოთ. რა თქმა უნდა, ბევრს ვსაუბრობთ, ის მელაპარაკება როგორ უნდა ვითამაშო დაცვაში და ეს კარგად უნდა გავითავისო, რადგან სხვანაირად თავის დაცვას ვარ მიჩვეული. ყოველ ვარჯიშზე მეტს ვიგებ, უფრო და უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, მაგრამ მან უნდა თქვას, რას ფიქრობს ჩემზე.

- საუბრობთ თქვენს მშობლებთან რუსეთში დღეს არსებულ სიტუაციაზე?

- ჩემი მშობლები საქართველოში ცხოვრობენ.

- მზად ხართ „რომასთან“ სათამაშოდ, თუ ამის საჭიროება იქნება?

- რა თქმა უნდა, ამ წუთშიც მზად ვარ, თუ საჭირო იქნება. პიჯაკს გავიხდი და მაისურიც აქ სწორედ ამიტომაა (იღიმის).

საზონოვის შესახებ პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა დავიდე ვანიატიმ: „მასთან ჩაცმის სტილზე ვიხუმრე, რადგან იტალიური სტილი აქვს, ყოველთვის ელეგანტურია. ის ინგლისურად საუბრობს, მაგრამ ჩვენს მასწავლებლებთან იტალიურს უკვე სწავლობს, გაკვეთილები უტარდება, მაშინაც, როდესაც ნაკრებში იყო. აპრილი-მაისი იყო, როდესაც ტურინში მამამისი ჩამოვიდა, დიდი ხანი გვქონდა მოლაპარაკებები. საბა ჩვენთან ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე ვიდეოზარით გავიცანი. როგორც ფეხბურთელს კარგად ვიცნობთ, ბევრჯერ ვნახეთ მისი თამაში, საქართველოს ნაკრებში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მშვენივრად ითამაშა. გარკვეული მიზეზების გამო სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დავიმატეთ, მაგრამ დიდი ხანი ვაკვირდებოდით“.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადავიდა. ის ორი ტურის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იყო, შესაბამისად, ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110209