კალათბურთი

19:44 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიის მწვრთნელი: "საქართველოსთან დაცვაში ასე კარგად თამაში ადვილი არაა"

სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდერ სეკულიჩმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის (67:88) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო მართლაც კარგი გუნდია და ადვილი არ არის მის წინააღმდეგ დაცვაში ასე კარგად თამაში.

„ვიცოდით, როგორი გუნდი იყო და როგორი თამაში გველოდა, მათ დიდი პატივს ვცემთ, კარგად მოვემზადეთ. ბიჭებმა თავიანთი საქმე შესანიშნავად შეასრულეს, ყველა მოთამაშემ მოედანზე გული დატოვა. გუნდურად ვითამაშეთ და სწორედ ამ გზით შეგვიძლია დიდი გუნდების დამარცხებაც.

ადვილი არ არის დაცვაში კარგად თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ისეთი კალათბურთელები, როგორებიც შერმადინი, ბითაძე, შენგელია არიან, მათ ნამდვილად მაღალი დონის და ძლიერი გუნდი ჰყავთ. ჩვენმა მცველებმა კარგად ითამაშეს.

იაკა ბლაჟიჩის ტრავმა? ძალიან ვნერვიულობთ მის მდგომარეობაზე. ის მაშინვე გასახდელში წავიდა და შემდეგ MRI სურათის გადასაღებად, ასე რომ, თამაშის ბოლოს ჩვენთან არ იყო. კარგად არ ჩანს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება“, - აღნიშნა სეკულიჩმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სლოვენიელმა კალათბურთელმა კლემენ პრეპელიჩმაც:

„ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ყოველთვის ბევრს ვმუშაობთ დაცვის გაუმჯობესებაზე და მხოლოდ 67 ქულა დავთმეთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა. ვიცოდით, სად იყო მათი ძლიერი მხარეები, ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მოვემზადეთ. ჩვენი მოთამაშეებიც ბრწყინავდნენ. დღეს საუკეთესო დღე არ გვქონდა, მაგრამ 88 ქულა მაინც დავაგროვეთ, ვიცით, რომ შეტევაში პრობლემები არ გვაქვს.

მთლიანობაში, ჩემი აზრით, ამ ზაფხულს ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო, რადგან დაცვაში კარგად ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ შეტევაში ჯერ კიდევ ბევრი რეზერვი გვაქვს, დარწმუნებული ვარ, მეტოქეებს 85 ქულაზე ქვემოთ თუ დავტოვებთ, მოგების დიდი შანსი გვექნება“, - თქვა პრეპელიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე ვენესუელასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114291