ფეხბურთი

22:37 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძეს სასწავლი აქვს, მაგრამ შეუძლია მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს"

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა „კოზენცას“ წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მე-19 წუთისთვის 2:0-ს იგებდა, საბოლოოდ, ფრეს დასჯერდა - 3:3.

ქართველი შემტევი წესით არ უნდა ყოფილიყო ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ გახურებისას ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და გიორგიც მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა. მან 64-ე წუთამდე ითამაშა და გოლამდე ცოტა დააკლდა: 51-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის შემდეგ კვერნაძის შესახებ „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველმა შემტევმა მოედანზე პოზიცია უკეთ უნდა შეარჩიოს. სხვათა შორის, იტალიელმა სპეციალისტმა კვერნაძეზე პრესკონფერენციაზე ორ სხვადასხვა მომენტში გასცა შეკითხვას პასუხი და ორჯერვე "კვარად" მოიხსენია, მართალია, პირველ შემთხვევაში გაეღიმა კიდეც, მაგრამ მაინც...

„შემტევებმა საბოლოო არჩევანის გაკეთების მხრივ აუცილებლად უნდა მოუმატონ. ჩვენ დავიმატეთ ფეხბურთელი საქართველოდან, კვერნაძე, რომელსაც აქვს კარგი თვისებები. მან უნდა აითვისოს გარკვეული მექანიზმები, მაგრამ ისიც ვნახეთ, როდესაც მოედანზე გამოდის, სახიფათოა, საინტერესოდ მოქმედებს. ცოტათი მოედანზე უკეთ პოზიციონირება უნდა ისწავლოს, მაგრამ პერსპექტივაში შეუძლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს.

მხოლოდ პოზიციონირებაში უნდა გაუმჯობესდეს? არა, უნდა ისწავლოს, როდის გააკეთოს დრიბლინგი, ითამაშოს ერთი-ერთზე ან სხვა გამოსავალი მოძებნოს. როგორც ვთქვი, შეუძლია კარგი ფეხბურთელი გახდეს, ამიტომაც დავიმატეთ და თან ვიცოდით, რომ ამას დრო სჭირდებოდა. იმედი მაქვს, რომ ეს დრო ხანმოკლე იქნება, რის გამოც, ჩვენც და მანაც კარგად უნდა ვიმუშაოთ, რათა საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს", - თქვა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, კვერნაძემ მოსამზადებელ ეტაპზე მესამედ ითამაშა და 1 გოლი აქვს გატანილი. „ფროზინონე“ მომდევნო თამაშს იტალიის თასზე 11 აგვისტოს, „პიზასთან“ ჩაატარებს, 19 აგვისტოს კი, სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131875