ფეხბურთი

16:35 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ კმაყოფილი ვარ"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეკრების პირველი ეტაპი შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია. მისი თქმით, გუნდს სჭირდება კიდევ ფეხბურთელები, მაგრამ ამ ეტაპზე კმაყოფილია და ხელმძღვანელობისაც სჯერა.

„უნდა ვთქვა, რომ ფიუჯიში ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მოგვეცა საშუალება გვემუშავა ადეკვატურ და მშვიდ რეჟიმში. სასიამოვნო იყო, რომ ამხანაგურ მატჩებზე გულშემატკივრები დიდი რაოდენობით მოდიოდნენ. შესანიშნავად ვივარჯიშეთ, ბიჭები სრულიად ხელმისაწვდომები არიან, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც აქამდე ვნახეთ.

რა თქმა უნდა, წინ უფრო რთული კვირა იქნება, ვიდრე განვლილი კვირები იყო და ეს ვიცით. ზრდის გზაზე კიდევ გვჭირდება რამდენიმე ფეხბურთელის დამატება, რაც შეიძლება მალე, მაგრამ მჯერა ჩემი კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის და ცოტა მოთმინება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ შევქმნით გუნდს, რომელთანაც ბევრს გაუჭირდება. ეს არის მიზანი. ამავდროულად ვმუშაობ ბიჭებთან, რომლებიც სერიოზულად და თავგანწირვით მუშაობენ, რასაც მათგან ვითხოვდი“, - თქვა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონემ“ სამი ამხანაგური მატჩი სამოყვარულო კლუბების წინააღმდეგ დიდი ანგარიშებით მოიგო. გიორგი კვერნაძემ მხოლოდ პირველში ითამაშა, ისიც 28 წუთი და გოლი გაიტანა, თუმცა, ტრავმის გამო შემდეგ ორი თამაში გამოტოვა. დაზიანება სერიოზული არაა და მომდევნო კვირაში ქართველი გუნდს დაუბრუნდება.

„ფროზინონე“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 ივლისს, „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12703