ავტოსპორტი

11:50 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

წვიმით არეული კვალიფიკაციაც ფერსტაპენმა მოიგო

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაქს ფერსტაპენისთვის სულერთია, წვიმს, ქარია, თუ პაპანაქება სიცხე. პირველი ადგილი ყველგან მისია, სხვებს კი მხოლოდ დანარჩენი ადგილებისთვის უწევთ ბრძოლა. კანადაშიც ასეა, იმის მიუხედავად, რომ ამინდმა ტრასაზე ლატარეა მოაწყო, მაქსის ჯობნა მაინც ვერავინ შეძლო.

დანარჩენებს შორის კი საუკეთესო... „ჰაასის“ ნიკო ჰულკენბერგია, ვისაც ამის მიუხედავად, სამი საფეხურითღ უკან დაწევა მოუწევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კვალიფიკაციის დროს, ტრასაზე წითელი დროშის რეჟიმის პერიოდში, მან დასაშვებ სიჩქარეს გადააჭარბა.

მოკლედ, ფერსტაპენს რეალური შანსი აქვს, „რედ ბულს“ ფორმულა 1-ში მე-100 გამარჯვება მოუპოვოს. თეორიულად, ამაში მისთვის ხელის შეშლა ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონს შეუძლიათ, რომლებსაც იმავე ამინდის ლატარეის იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ალონსო ჰულკენბერგის მეორე პოზიციას დაიკავებს, ჰამილტონი კი პოულის უკან (მესამე პოზიციაზე) განლაგდება. მას გვერდით თანაგუნდელი ჯორჯ რასელი დაუდგება.

„მე ჰოლანდიიდან ვარ, სადაც სველ გზებზე სიარულს მიჩვეული ვართ. ზოგ ადგილას მანქანა ძალიან ცურავდა, მაგრამ ჩენ ყველაფერი სწორად და დროულად გავაკეთეთ, რამაც საუკეთესო დროის ჩვენების შესაძლებლობა მოგვცა. ძალიან მიხარია, რომ პოულზე ვარ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 25-ე პოულ პოზიციაა.

მონრეალში რბოლა ფერსტაპენმა შარშანაც პოულიდან დაიწყო და კარლოს საინსთან ბრძოლაში, კარიერაში 26-ე გამარჯვება მოიპოვა. თუ რბოლას ამჯერადაც მოიგებს, ეს მისი 41-ე ტრიუმფი იქნება.

ათეულში ისევ ვერ მოხვდა სერხიო პერესი, ვისაც „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა ურჩია, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი დაანებოს და რბოლაში ჩაერთოს. საინტერესოა, რომ ეს ზედზედ მესამე რბოლაა, რომელსაც მექსიკელი ათეულს მიღმა დაიწყებს.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:25.858
  2. *ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) 1:27.102
  3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) 1:27.286
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.627
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.893
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1:27.945
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:28.046
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1:29.294
  9. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) 1:31.349
  10. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) -

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:20.615
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1:20.959
  3. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:21.484
  4. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:21.678
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:21.821

  1. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1:22.746
  2. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) 1:22.886
  3. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) 1:23.137
  4. ლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) 1:23.337
  5. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1:23.342

* ჰულკენბერგს წითელი დროშის რეჟიმზე, სიჩქარის წესების დარღვევის გამო, სტარტის მე-5 პოზიციიდან აღება მოუწევს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115106