ავტოსპორტი

1:33 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულში“ მეტოქეების ჩამორჩენა აოცებთ

„რედ ბულმა“ ამ სეზონის პირველი ხუთივე რბოლა მოიგო. ამ გუნდს ისტორიაში, ეს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო დასაწყისია. და გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, მის თანაგუნდელებს უკვირთ, თუ სად არიან ძველი მეტოქეები - „ფერარი“ და „მერსედესი“, რომლებიც ხარებთან მეტნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალასაც არ წარმოადგენენ.

„ხუთი რბოლა, ხუთი მოგება. პლუს სპრინტში გამარჯვება. ოთხი დუბლი. ასეთი სტარტი არასდროს გვქონია. და ცოტა გვიკვირს, სად არიან სხვები? ჩვენ სეზონის წინ, ნორმალური ნაბიჯით წინ წავიწიეთ. მაგრამ ფერარი და მერსედესი სად არიან? დარწმუნებული ვარ, ისინიც ბევრს მუშაობენ, რათა ევროპაში უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. ჩვენ კი, ბიუჯეტის გადახარჯვისთვის, განვითარების მხრივ, სეზონის მეორე ნაწილში შეზღუდულები ვიქნებით. ამიტომ, დასაწყისში ასეთი უპირატესობა, შემდგომში შეიძლება გამოგვადგეს“, - ამბობს ჰორნერი.

იმის გამო, რომ 2021 წლის სეზონში ხარებმა, საკუთარი მანქანის სრულყოფაზე, იმაზე მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე უფლება ჰქონდათ, ამ სეზონში, მათ აეროდინამიკურ მილში 10 პროცენტით ნაკლები მუშაობის უფლება აქვთ.

„მერსედესი“ და „ფერარი“ გასულ ხუთ რბოლაში, მოგებასთან ახლოსაც კი არ იყვნენ. უფრო მეტიც, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მათზე წინ „ასტონ მარტინია“.

ჰორნერი დარწმუნებულია, რომ „რედ ბულის“ მეტოქეები უახლოესი რბოლებისთვის დიდ განახლებებს ამზადებენ. ის ფიქრობს, რომ სეზონის მეორე ნაწილში, მათთან სხვაობა აღარ იქნება. ამიტომ, „რედ ბულს“ ბევრი შრომა მოუწევს იმისთვის, რომ მოპოვებული უპირატესობა ჩემპიონატის ბოლომდე შეინარჩუნოს და ისევ ორივე ტიტული მოიპოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117225