ფეხბურთი

20:52 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ისევ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და "სიტი" მიუახლოვდა (+VIDEO)

ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში იმდენად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რომ შეიძლება ეს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს.

მიკელ არტეტას გუნდი „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და მე-10 წუთზე 2:0-ს იგებდა! გაბრიელ ჟეზუშმა და მარტინ ოდეგორმა „მეთოფეებს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოაპოვებინეს, რომელიც გაანიავეს...

პირველივე ტაიმში მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს. მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე კი ბუკაიო საკას დიდებული შანსი ჰქონდა ანგარიში 3:1 გაეხადა, რაც თამაშს ინტრიგას მოუკლავდა, მაგრამ პენალტი კარს ააცილა. ამისთვის „არსენალი“ დაისაჯა, რადგან 3 წუთში „ჩაქუჩებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ტურში, „ლივერპულისა“ და „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ „არსენალი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ორჯერვე მხოლოდ ფრეს დასჯერდა (2:2).

ამრიგად, არტეტას გუნდს 74 ქულა აქვს და 4 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ასე რომ პოტენციურად უპირატესობა მხოლოდ 1 ქულაა.

„ვესტ ჰემი“ – „არსენალი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (7), 0:2 ოდეგორი (10), 1:2 ბენრაჰმა (33, პენ), 2:2 ბოუენი (55)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126017