ფეხბურთი

0:15 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი გერმანიის თასზე, "ჰამბურგი" ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მისი გუნდი კი, რომელმაც „კარლსრუე“ პენალტების სერიაში დაამარცხა, გერმანიის თასის ნახევარფინალში გავიდა.

ქართველ ფეხბურთელს აქამდე მხოლოდ შეცვლებზე ეძლეოდა თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად, ტიმ ვალტერმა უფრო მეტი სათამაშო დრო დაუთმო.

HSV 50 წუთის განმავლობაში ცუდად თამაშობდა და 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. 52-ე წუთზე ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში რობერტ გლატცელს ზუსტი პასი გაუკეთა, რომელმაც თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა. გიორგი 58-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა არა პასიურობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჯერ უფრო მეტი დროის სათამაშოდ მზად არ არის და ვალტერი მას დროს ეტაპობრივად უნაწილებს. სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ ჩაკვეტაძის თამაში 7.1 ქულით შეაფასა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი შეფასებაა.

„ჰამბურგს“ გათანაბრების შანსი 71-ე წუთზე მიეცა, როცა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს და თან „კარლსრუეს“ ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ პენალტი სონი კიტელმა ვერ გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა მაინც აღადგინეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე მეტოქის კარი ისევ გლატცელმა დალაშქრა - 2:2.

შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც არაფერი შეცვლილა და პენალტების სერიაში გამარჯვება „ჰამბურგმა“ მოიპოვა - 3:2. მატჩის გმირი მასპინძელთა პორტუგალიელი მეკარე დანიელ ფერნანდეში გახდა, რომელმაც ზედიზედ 3 პენალტი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ HSV სერიაში 1:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ პორტუგალიელმა მეტოქეებს არცერთი პენალტი გაატანინა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

„ჰამბურგი“ მომდევნო მატჩს გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 5 მარტს, სტუმრად „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, გერმანიის თასის ნახევარფინალში კი მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119849