ძიუდო

22:27 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალი პარიზის გრანდ სლემზე

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ლეგენდარულმა ქართველმა ძიუდოისტმა კარიერაში პირველად შეძლო ყველაზე პრესტიჟულ გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვება.

73 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა, ფრანგი იოან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი უპრებლომოდ დაამარცხა და ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა. სხვათა შორის, შავდათუაშვილის კარიერას პარიზის გრანდ სლემის ოქროს მედალი აკლდა და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვია - დამატებით დროში სძლია იაპონელს.

ზოგადად, პარიზის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ტატამიზე სამი ქართველი გავიდა და სამივემ მედალი აიღო - ჯაბა პაპინაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა განელი ზეო აგუდოო დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს დამატებით დროში უმძიმეს ბრძოლაში მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც ვაზარით აგებდა, მაგრამ ბრძოლა იპონით სათავისოდ დაასრულა და საქართველოს გრანდ სლემზე პირველი მედალი სწორედ მან მოუტანა.

66 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა ანგოლელ ედმილსონ პედროს და ამერიკელ აიზია რამირესს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის გაეჯიბრა, რომელთანაც თითქმის 7-წუთიან ბრძოლაში 3 გაფრთხილებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე, მისი მეტოქე კი ფრანგი დაიკი ბუბა იყო, რომელსაც შანსი არ დაუტოვა და იპონით ბრწყინვალე სტილში დაამარცხა.

6 თებერვალს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062487