კალათბურთი

11:33 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: ტრეი იანგის რეკორდი - "ატლანტა ჰოუქსმა" 6 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 6 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა „ატლანტა ჰოუქსმა“, რომელიც შინ „მილუოკი ბაქსს“ შეხვდა და მეტოქისთვის პრაქტიკულად შანსი არ მიუცია. ნეიტ მაკმილანის გუნდმა პირველ პერიოდში 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც მეორე მეოთხედის დასაწყისში მხოლოდ 5-ქულამდე შემცირდა და მას შემდეგ „ბაქსს“ ანგარიში აღარ შეუმცირებია. საბოლოოდ კი „ატლანტამ“ 20-ქულიანი სხვაობით - 120:100 იმარჯვა.

მატჩის გმირი ტრეი იანგი გამოდგა, რომელმაც საკუთარ გუნდს 42 ქულა მოუტანა. 23 წლის გამთამაშებელმა 8 მოხსნა და 10 პასიც ჩაიწერა აქტივში და ორმაგი დუბლი ჰქონდა. ამერიკელმა კალათბურთელმა პირველ ტაიმში 7 სამქულიანი ჩააგდო რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, ისევე როგორც 27 ქულა პირველ ტაიმში. საერთო ჯამში მან 13-დან 8 სამქულიანი, 13-დან 8 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანისნავია, რომ 42 ქულით იანგმა მიმდინარე სეზონის რეკორდიც დაამყარა.

საინტერესოა ისიც, რომ ტრეი NBA-ში სტეფ კარის, ჯეიმს ჰარდენის და დამიან ლილარდის შემდეგ მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუ 40 ქულით, 8 სამქულიანითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

„ატლანტადან“ მეორე შედეგი ჯონ კოლინსს ჰქონდა. 24 წლის ფორვარდმა თავი 19 ქულას, 6 მოხსნას, 1 პასსა და ამდენივე დაფარებას მოუყარა. 12 ქულით, 13 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი კლინტ კაპელამ შეასრულა.

დამარცხებულთა გუნდიდან კი ტრადიციულად იანის ანტეტოკუმპო გამოირჩა. ბერძენმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მოუტანა, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა.

მოქმედი ჩემპიონი გუნდის შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ბოლო შეხვედრებში მაიკ ბუდენჰოლცერის სამატჩო განაცხადშიც ვერ ხვდება.

„მილუოკიდან“ იანისის შემდგომ ყველაზე შედეგიანი ჯრუ ჰოლიდეი იყო. 31 წლის გამთამაშებელმა 19 ქულა ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 8 პასი დაამატა.

„მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ 2 მარცხის შემდგომ 6 გამარჯვების წილ 8 მარცხი დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება „ატლანტას“, მათ 5 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-13 პოზიცია უჭირავთ. 16 ნოემბერს კი შინ, „ორლანდო მეჯიქს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075019