ჩოგბურთი

11:06 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რადუკანუ: "იმედი მაქვს, რომ ლეილას ფინალში კიდევ არაერთხელ შევხვდები"

ემა რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 18 წლის ჩოგბურთელმა მისი მეტოქე, 19 წლის ლეილა ფერნადესი შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფინალში კიდევ არაერთხელ შეხვდებიან.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ლეილას, მან წარმოუდგენელი ჩოგბურთი ითამაშა და მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული ჩოგბურთელი დაამარცხა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ბევრ ტურნირზე ვითამაშებთ და ვიმედოვნებ, რომ ეს ფინალში მოხდება. რაც შეეხება ნიუ-იორკში გატარებულ სამ კვირას, მადლობა, რომ თავი სახლში მაგრძნობინეთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩის შემდეგ თქვენ მამხნევებდით რთულ მომენტებში. ვიმედოვნებ, რომ მე და ლეილამ კარგი მატჩი ჩავატარეთ“, - თქვა რადუკანუმ.

შეგახსენებთ, რადუკანუმ ფერნანდესი 6:4, 6:3 დაამარცხა. ბრიტანელი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, რომლის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძეს მოუგო (6:3, 7:5). სხვათა შორის, მარიამმა რადუკანუს 8 გეიმი მოუგო და ამის გაკეთება ამერიკის ღია პირველობაზე სხვამ ვერავინ მოახერხა. უბრალო და შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლქვაძემ ემას ყველაზე მეტი გეიმი მოუგო, ვიდრე სხვა ჩოგბურთელებმა. ამრიგად, 18 წლის ჩოგბურთელი ჩემპიონი სეტწაუგებლად გახდა.

ემა რადუკანუ ბოლო 44 წელიწადში პირველი ბრიტანელი ქალია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო, მარია შარაპოვას შემდეგ პირველი თინეიჯერია, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა და ჩოგბურთის ისტორიაში, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის პირველია, ვინც დიდი სლემის ტურნირი მას შემდეგ მოიგო, რაც გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო!

ეს იყო პირველი დიდი სლემის ფინალი 20-წლამდე ჩოგბურთელებს შორის 1999 წლის აშშ-ის ღია ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067318