რაგბი

13:00 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | "ხარები" 47:10 "ვეფხვები"

რუსთავის ‘ხარებმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ მე-9 ტურის პირველ მატჩში 47:10 სძლია და „ა“ ჯგუფში მეორე ადგილზე გამაგრდა.

მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და 7 ლელო გაიტანეს, რითაც ბონუსიც მოიპოვეს.

‘ხარებმა’ სოლიდური უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვა. მე-5 წუთზე მათ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტიეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და ზურაბ ქავთარაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა. გიორგი პეტრიაშვილის გარდასახვას ნიკა ბეჟუაშვილმა ჯარიმით უპასუხა, თუმცა მე-9 წუთზე გიორგი ნარიმანიძემ ბიძინა სამხარაძის გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუა მეორე ლელო გაიტანა – 14:3. ტაიმის შუაში ფრთაზე გიორგი ელოშვილი გაიქცა და ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო პეტრიაშვილმა რთული პოზიციიდანაც გარდასახა – 21:3.

მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ელოშვილმა ფრთაზე ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა და დუბლი შეასრულა. 58-ე წუთზე ნიკა დიღმელაშვილმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა და ნიკა ბეჟუაშვილმა გარდასახა, თუმცა შეხვედრის მიწურულს ერეკლე მაჭარაშვილმა, ზურაბ ქავთარაძემ და სანდრო ილურიძემ სტუმრებს კიდევ სამი ლელო გაუტანეს – 47:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურაბ ქავთარაძე გახდა. მისი ‘ხარები’ 27 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ‘აკადემიას, რომელიც ხვალ ‘ლელო-სარასენსს’ მასპინძლობს. მე-9 ტურის დასკვნითი მატჩი ‘იუნკერებსა’ და ‘ლოკომოტივს’ შორის გადაიდო.

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06155