რაგბი

16:23 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელების დასკვნითი მატჩი

 

ხვალ დილით, თბილისის დროით 11 საათზე, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის “ალაფის” დასკვნით მატჩს აფრიკის წარმომადგენელ ნამიბიასთან გამართავს.

ტურნირის დაწყებამდე და განსაკუთრებით პირველი ტურის შემდეგ (ნაწილობრივ მეორე ტურის შემდეგაც), იყო მოლოდინი იმისა, რომ 19 აპრილს ქართული რაგბის გულშემატკივარი განსაკუთრებული განწყობით დაელოდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. მომავალი შეხვედრა მე-5 ადგილისა იქნება, ანუ უკვე ყველაზე ცუდი მაჩვენებლის იმ “ალაფებზე”, რომლებშიც მონაწილეობა მიგვიღია. აქამდე “უმცროსი ბორჯღალოსნები” ყოველ ჯერზე მესამე ადგილს იკავებდნენ და მართალია წინსვლას ვერ ახერხებდნენ, მაგრამ უკანაც არასდროს დაუხევიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა შარშანდელი “ალაფა” გამოტოვა, შემადგენლობიდან გამომდინარე საქართველოს რაგბის კავშირისა და ნაკრების ხელმძღვანელობა მიზნად ფინალში გასვლას და იქ 12 საუკეთესოში მოსახვედრად ბრძოლას ისახავდა (მსოფლიო თასის საგზურს მხოლოდ გამარჯვებული იღებს). დასაწყისი ისეთი იყო, მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა - ტონგას 34:10 დამარცხება სახუმარო საქმე არაა. მერე რა, რომ ქართველებმა მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს?

მეორე ტურში კიდევ ერთ კონკურენტ აშშ-სთან საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე გაშვებული ლელო-გარდასახვით მარცხმა ყველას გული დაგვწყვიტა (12:13), მაგრამ თამაშის ხილვის შემდეგ ცხადი შეიქმნა, რომ ჩრდილოამერიკელებს გამარჯვება ეკუთვნოდათ! დიახ, თამაშის ორი დღის დაგვიანებით ხილვის შემდეგ, რადგან 21-ე საუკუნეში, ასე განვითარებულმა ჰონგ კონგმა, ესოდენ მნიშვნელოვანი ტურნირის თუნდაც სტრიმის მოწყობა ვერ მოახერხა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივარს ტექსტური შეტყობინებების იმედად მოუწია ყოფნა.

გათვლებით გაირკვა, რომ იყო ვარიანტი საქართველოს ნაკრების ფინალში გასვლისა და მართალია ბევრს არ ეჯერა, რომ ტონგა აშშ-ს დამარცხებას შეძლებდა, მაგრამ მათ საქმეს წარმატებით გაართვეს თავი, 28:22 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც აიღეს, თუმცა, მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა მეტოქემაც ირგუნა. სამაგიეროდ, ორი საათით ადრე დაწყებულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა თავისი საქმე ვერ გააკეთა და ჰონგ კონგს 4 ლელო ვერ გაუტანა. შედეგად, 21:8 მოგებამ ვერაფერი შეგვძინა და დავით ვართანიანის შეგირდებმა ჯგუფი მხოლოდ მესამე ადგილზე დაასრულეს, არადა, მასპინძლებისთვის ოთხი ლელო გატანის შემთხვევაში (მათ ტონგამ და აშშ-მ 5-5 ლელო გაუტანეს), ახლა ფინალში საქართველოს ნაკრები იქნებოდა. ერთიცაა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში მოგვიანებით დაწყებული ტონგა-აშშ-ს მატჩი სულ სხვა სცენარით წარმართულიყო, მაგრამ დაუწერელი კანონია - შენ შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო.

მოკლედ, ასე გვერგო მე-5-ე ადგილისთვის მატჩში ნამიბია, რომელმაც პირველ მატჩში კანადა 37:25 დაამარცხა, ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა და დროებით ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა. მეორე მატჩში აფრიკელები იაპონიას დაუპირისპირდნენ და 25-ე წუთისთვის 14:0 იგებდნენ, მოგების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ და ბოლოსწინა წუთზე გაშვებული ლელოს შემდეგ 28:34 დამარცხდნენ. ნამიბიამ ამ თამაშში 3 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულა მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ჩაიწერა. დასკვნით ტურში ისინი ურუგვაისაც ებრძოლნენ, მაგრამ აქაც მხოლოდ პრემიალურ ქულას გამორჩნენ - 13:16.

ამრიგად, ჩვენს 20-წლამდელებს იოლი მეტოქე სულაც არ ელის და მართალია ადგილი ნებისმიერ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელი იქნება, მაგრამ პრესტიჟი დიდად ფასობს და ბიჭებსაც მაქსიმალური მობილიზება მართებთ, რათა კარი გვარიანი გამარჯვებით გაიჯახუნონ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა შერკინება წინა მატჩისა დატოვა, უკანა ხაზში კი, ცვლილებები თუ გადაადგილებები მრავლად განახორციელა.

ფულბეკის პოზიციაზე დავით გულიტაშვილის ნაცვლად თამაშს გიორგი ბაბუნაშვილი იწყებს. შეიცვალა შუამარბთა წყვილი და გიორგი ფრუიძისა და რევაზ ბროძელის ადგილს დევი დევსურაშვილი და გიორგი ტალახაძე დაიკავებენ. ბროძელი 9 ნომრის პოზიციაზე დაბრუნდა, სადაც თეიმურაზ თუთბერიძეს შეცვლის, ხოლო დევსურაშვილი წინა მატჩში გარემარბი იყო და ახლა მის პოზიციაზე დავით გულიტაშვილი დადგება.

 

2014 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფა”

ჰონგ კონგი. 7-19 აპრილი

19 აპრილი. პლეი ოფები

მე-7-ე ადგილისთვის

ჰონკონგი - კანადა

მე-5-ე ადგილისთვის

საქართველო - ნამიბია (11:00 საათი. თბ. დრ.)

საქართველო: 15. გიორგი ბაბუნაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. დევი დევსურაშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. რევაზ ბროძელი; 1. ზაურ ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ბესო ბარბაქაძე, 6. საბა შუბითიძე (კაპ.), 7. გიორგი სორდია 8. ვახტანგ ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. დავით პაპავაძე, 19. დადრი დანგაძე, 20. ჟორა მღებრიშვილი, 21. თეიმურაზ თუთბერიძე, 22. ფარნავაზ გასვიანი.

 

მე-3-ე ადგილისთვის

აშშ - ურუგვაი

ფინალი

ტონგა - იაპონია 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163247