ფეხბურთი

17:14 | 14.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

1997 – საქართველო პირველად ფინალურ ეტაპზე

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს (ან, არ ახსოვდეს), რომ საქართველოს პირველი საფებურთო ნაკრები, რომელიც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, რეზო გაგუას გაწვრთნილი 16-წლამდელთა გუნდი იყო. 1996 წლის შემოდგომაზე 16-წლამდელებმა საგზური მოიპოვეს, 16-გუნდიანი ფინალური ეტაპი კი, 1997 წლის 28 აპრილიდან 10 მაისამდე გერმანიაში გაიმართა.
გვსურს, რომ სატრანსფერო ციებ-ცხელებიდან ცოტა ხნით წარსულში გადავინაცვლოთ და იმ ჩემპიონატის ამბები გავიხსენოთ.
ვინ იყვნენ მაშინ რეზო გაგუას გუნდში? ჩამოვთვლით: მეკარე გიორგი სომხიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლადო ბურდული, ოლეგ გველესიანი, ლაშა ჯაკობია, ირაკლი შენგელია, მიხეილ სოსელია, არჩილ რომანაძე, შალვა აფხაზავა, გიორგი ლოლაძე, ლადო კაკაშვილი, ედიკ საჯაია, გიორგი დეკანოსიძე, არჩილ მჭედლიშვილი, პაატა ჩახუნაიშვილი, ჯაბა სიამაშვილი...
ამ ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელი ახლაც თამაშობს და ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ხიზანიშვილია. პლუს, ქართველ გულშემატკივრებს არ სჭირდებათ ბურდულის, დეკანოსიძის, ჯაკობიას, საჯაიას, სომხიშვილისა და გველესიანის დახასიათება.
შემადგენლობას თუ გადავხედავთ, რეზო გაგუას მართლაც ნიჭიერი ჭაბუკების კრებული ჰყავდა.
იმ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავდამსხმელი ცხონებული შალვა აფხაზავა – შედეგიანად თამაშობდა ბათუმის "დინამოსა" და კიევის "არსენალში", 2004 წლის იანვარში, 23 წლის ასაკში დაიღუპა... გულმა უმტყუნა. 128 მატჩში 32 გოლი ბათუმის გუნდში და 38 მატჩში 17 გოლი "არსენალში" – ასეთი იყო მისი სტატისტიკა.
უნდა ვთქვათ ჯაკობიაზეც: ამჟამად უკრაინულ "ზაკარპატიაში" მოთამაშე ფეხბურთელი არა მარტო 1997 წელს, მოგვიანებითაც ყველაზე შედეგიანი იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. როგორც იტყვიან, N რაოდენობის გოლი გაჰქონდა.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ამჟამინდელი 17-წლამდელების წინამორბედია. მართალია, 16 წლამდელებისა ერქვა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე, 1997 წელს, 17 წლის ჭაბუკებს შეეძლოთ თამაში – ანუ, 1980 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს.
შესარჩევში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი და ბულგარეთი იყვნენ. სამ გუნდს ერთმანეთში უნდა ეთამაშა და მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა ფინალურ ეტაპზე. მატჩები საბერძნეთში იმართებოდა და პირველ მატჩში გაგუას შეგირდებმა მასპინძლებთან 4:4 ითამაშეს – ლაშა ჯაკობიამ პირველ ტაიმშივე ჰეთ-თრიქი შეასრულა და საქართველო შესვენებისთვის 3:1-ს იგებდა, შემდეგ 3:4-ს აგებდა და ბოლოს აფხაზავამ გაათანაბრა.
მეორე მატჩში კი ქართველებმა ბულგარელები 4:0 გაანადგურეს და ფინალურ ეტაპზეც გავიდნენ. სლავებთან ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - აფხაზავამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ჯაკობიამ და მჭედლიშვილმა შეაგდეს.
ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ ჰოლანდია, ინგლისი, პორტუგალია, რუსეთი, ხორვატია და ასე შემდეგ...
სამწუხაროდ, ქართველებმა ფინალურ ეტაპზე ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს - პირველი მატჩი: საქართველომ უნგრეთთან პირველი ტაიმი 3:1 მოიგო (გველესიანი, ჯაკობია – 2), თუმცა შესვენების შემდეგ 5 ბურთი გაუშვა და 3:6 დამარცხდა.
მეორე შეხვედრაში, იტალიასთან პირველი ტაიმი ქართველებმა ჯაკობიას გოლით მოიგეს, თუმცა საბოლოოდ 3:5 დამარცხდნენ. ლაშას გარდა, გოლები გაიტანეს დეკანოსიძემ და გველესიანმა. ძნელი სათქმელია, რატომ ირეოდა თამაში შესვენების შემდეგ...
მესამე, ბოლო ტურს აზრი აღარ ჰქონდა და ქართველები ბელგიასთან 1:5 დამარცხდნენ. გოლი დეკანოსიძემ შეაგდო.
საქართველო და ისრაელი – ეს ორი გუნდი დარჩა ტურნირზე უქულოდ.
ჩემპიონი გახდა ესპანეთი, რომელსაც კარში ედგა... აბა, თუ გამოიცნობთ? მადრიდის "რეალის" ლეგენდა იკერ კასილიასი. ესპანელებმა ნახევარფინალში მასპინძელ გერმანიას 2:1 სძლიეს, ხოლო მეორე ნახევარფინალში ავსტრიამ პენალტებით გამოთიშა შვეიცარია. ფინალში ესპანეთმა და ავსტრიამ თამაშიდან ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს, პენალტებში კი სამხრეთელებმა 5:4 იმარჯვეს.
სხვათა შორის, სწორედ 1997 წელს, ოღონდ ივლისის მიწურულს, ქართველმა ჭაბუკებმა (17-წლამდელებმა, თუმცა იგივე შემადგენლობამ) პორტუგალიაში ახალგაზრდული ოლიმპიადის თამაშები მოიგეს.
ქართველებმა მასპინძელ პორტუგალიას 3:2 სძლიეს (გოლები: ჯაკობია-2, დავით დიღმელაშვილი), აზერბაიჯანს 1:0 აჯობეს (ჯაკობია), ხოლო ფინალში ლიტვას პენალტებში 6:5 (ძირითადი დრო 0:0) მოუგეს.
პორტუგალიაში სხვა ქართველი ჭაბუკებიც გამოჩნდნენ: დიღმელაშვილზე უკვე ვთქვით და მის გარდა იყვნენ მეკარე ზურაბ ბათიაშვილი, ვალერი აბრამიძე, ლევან კორღალიძე, ცეზარ ხუროძე, სოსო დევიძე და რეზო გაგუას ვაჟი - ვალერი გაგუა (ამჟამად, "დინამოს აკადემიაში" წვრთნის ბავშვებს).
ვფიქრობთ, სასიამოვნო გასახსენებელია – საქართველოს ნაკრები (რომელი ასაკიც უნდა იყოს), ყოველწლიურად როდი გადის ფინალურ ეტაპზე...

 

ილია ნანობაშვილი

 

0.116