ფეხბურთი

11:45 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები სრულად 12 ივლისს შეიკრიბებიან

პერტიამ დვალი შეაქო


 

12 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე შეუერთდებიან და გია ცეცაძის განკარგულებაში უკვე თვრამეტივე რჩეული ფეხბურთელი იქნება. ნაკრების ეს ორი მცველი, 11 ივლისს, ევროპის ლიგის განმეორებით მატჩს ჩაატარებს სლოვაკეთში და იქიდან, პირდაპირ ლატვიაში გამოემგზავრებიან. ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

9 ივლისს, ნაკრებმა კვლავ ორჯერ ივარჯიშა. ორჯერვე სრული დატვირთვით გაისარჯა შეკრებაზე ახლადჩამოსული ნიკა კაჭარავა. 10 ივლისს, დილის ვარჯიში არ იქნება, რადგან 11 ივლისს, ნაკრებს პირველი ტესტმატჩი აქვს “სკონტოს“ დუბლებთან.

სამშაბათს, 19-წლამდელებს სასტუმროში “სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია ეწვია. მას თან ლაშა დვალი და ირაკლი კლიმიაშვილიც ახლდნენ. “სკონტოს” თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარიც გააკეთა და ლაშა დვალზე ისაუბრა.

თამაზ პერტია (“სკონტოს” მთავარი მწვრთნელი): “11 ივლისს, ევროპის ლიგაში “სკონტოს“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელის და რა თქმა უნდა, დადებით შედეგზე ვფიქრობთ. ჩვენს გუნდს კი, ამის ძალა რეალურად შესწევს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მოლდოვაში, ლაშა დვალმა პირველი თამაში ჩაატარა. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ლაშა სასტარტო შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს. იმდენად ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად კარგად ჯდება ჩვენს ტაქტიკაში და ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს, რომ ამ ასაკში ეს ნამდვილად იშვიათია. ხანდახან, ასაკიან და გამოცდილ ფეხბურთელებსაც უჭირთ მწვრთნელთან და მის მოთხოვნებთან შეგუება. ლაშა უკვე იმდენად სერიოზული ფეხბურთელია, რომ ასეთი დონის მატჩებში მისი ნდობა, სულაც არაა რისკი. რადგან დავაყენე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიჭს ვენდობი და მან ეს ნდობა გაამართლა. მოლდოვურ მატჩში, მის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული თავდამსხმელი თამაშობდა, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო განის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი. მისი თამაშიდან გამომდინარე, ლაშასთვის სულ ერთია ვის წინააღმდეგ ითამაშებს. ის ძალიან თამამი და მოურიდებელია.

თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ 18 წლის ბიჭი უკვე მზადაა ყველა თამაში სასტარტოში ითამაშოს. ის ახლა იწყებს ყველაფერს და ბევრი უნდა იშრომოს. დღესდღეობით კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვალი არის “სკონტოს” იმ 11 ფეხბურთელში, რომელიც მინდორზე გადის და თამაშს იწყებს. ეს, რაღა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს 19-წლამდელტა ნაკრებისთვისაც, სადაც ლაშა ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მე ვფიქრობ, ნაკრებში დვალი უფრო თამამი და გაბედული იქნება. მითუმეტეს, ამ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მისი ტოლია.“

ეგახსენებთ, რომ 11 ივლისს, “სკონტო” “ტირასპოლს” უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სრული შემადგენლობით დაესწრება თანაგუნდელის თამაშს და ყველა ერთად გაამხნევებს ლაშა დვალს.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149893