რაგბი

22:17 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრები ტაიმის გუნდია

 

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პოლონეთში მიმდინარე ევროპის ელიტურ ჩემპიონატში ბოლოსწინა მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს, რითაც ბოლო სამ წელიწადში, დასკვნითი მატჩის შედეგის მიუხედავად, ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებს.

ირლანდიასთან მეოთხედფინალური მატჩისა არ იყოს, პირველი ტაიმი, უფრო ზუსტად კი, საწყისი ნახევარი საათი გუნდმა დიდებულად ჩაატარა და იტალიასთან 13:0 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი კვლავ თავდაყირა დადგა და ერთი შეხედვით დამაჯერებლად მოსაგებ მატჩში, 13:15 დავმარცხდით. ალბათ, აქ გუნდის ფიზიკურ მომზადებაში უნდა ვეძიოთ მიზეზები, ან საკუთარი შესაძლებლობების რწმენის არქონაში...

მოკლედ, დებიუტში ქართველები უტევდნენ და მე-11 წუთზე რამდენიმე ფაზიანი შეტევა ოთარ გიორგაძის ლელოთი დასრულდა, რომლის გარდასახვა დავით ლობჟანიძემ ვერ შესძლო. სამაგიეროდ, დაახლოებით 10 წუთში მან ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 8:0 გახდა. “უმცროსი ბორჯღალოსნები” დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მეტოქე მიძალებების შეჩერებას მხოლოდ ჯარიმების ხარჯზე ახერხებდა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ქართველები ლელოზე თამაშობდნენ. ამან შედეგი მალე გამოიღო,  იტალიელთა დაცვა მოირღვა, გიორგი ჯავახიამ მის წინ მდგომი მცველი გადააყირავა და ლელო გაიტანა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ 13:0 და ასეთი სათამაშო უპირატესობა წარმატების იმედს იძლეოდა, მაგრამ მერე იტალიელებმა მოუმატეს და ტაიმის დასკვნითმა წუთებმა უკვე მათ იერიშებში ჩაიარა. ერთ-ერთ ეპიზოდში საკუთარ 22-ში ლობჟანიძემ ბურთი ჩაჭრა და მეტოქის 22-ის ხაზამდე ირბინა, მაგრამ მდევარი დაეწია და მორიგი ლელო არ შედგა. სამაგიეროდ, მეტოქემ 5-მეტრა დერეფანი რომ მოიგო, ფაზები ერთმანეთს სწრაფად მიაბა, ლელო გაიტანა და ტაიმის 5:13 წაგების შემდეგ, საკუთარი ძალების რწმენაც დაიბრუნა. 

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა, ირლანდიასთან მატჩის მსგავსად, ქულაც ვეღარ აიღო და ინიციატივა მთლიანად მეტოქეს გადაულოცა. თუმცა, მანამდე, როდესაც მეტოქის შერკინების შემკვრელი მსაჯმა 10 წუთით დაითხოვა, საქართველოს ნაკრებმა უპირატესობის გაზრდის შანსი მიიღო, მაგრამ ირაკლი სვანიძის დარტყმულმა არ ივარგა. ნელ-ნელა მეტოქემ ინიციატივა ისევ დაიბრუნა და რეფერიმ სინბინით ამჯერად მიხეილ გორგასლიძე დასაჯა და მალევე იტალიამ მეტობა მარცხენა ალამთან გატანილ ლელოში ასახა. “ბორჯღალოსნები” 3 ქულას იგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, იტალიელებმა მარცხენა ალამთან კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, მაგრამ ისინი 15:13 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა გაიბრძოლა, წინსვლა რომ ვერ მოახერხა, ბედი არეკნით სცადა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო და ახლა მეშვიდე ადგილისთვის პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

პორტუგალია ნახევარფინალში ფინალისტ, მოქმედ ჩემპიონ ინგლისთან 5:62 დამარცხდა, დღეს კი, მას შოტლანდიამ 35:11 აჯობა. თასის ნახევარფინალში ირლანდიამ საფრანგეთი 24:11 დაამარცხა, ხოლო ინგლისმა უელსს 11:9 სძლია.

კომენტარი

დავით ჩავლეიშვილი (საქართველოს 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): ძალიან სამწუხაროა 13-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება რომ ვერ შევძელით და პრაქტიკულად მოგებული თამაში დავთმეთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენი თამაში შეტევასა და დაცვაშიც გაუმჯობესებული იყო. ხარვეზების გამოსწორება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბურთი ჩვენი ნახევრიდან უნდა გაგვეტანა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს მიღებულმა ლელომაც აგვრია და თამაშის ბოლომდე ვეღარ დავლაგდით.

მეორე ტაიმში ჩვენმა 10-მა ნომერმა მიღებული დარტყმის შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ყველა შეცვლა განვახორციელეთ, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. როგორც სჩანს, მოედანზე გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. არ გამოჩნდა მოთამაშე, რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და შეტევას უხელმძღვანელებდა, შიგნით შემოიტანდა ბურთს და ეცდებოდა მოწინააღმდეგეს ჯარიმაზე ეთამაშა. კოტე ახობაძემ და გიორგი კოშაძემ თავის არეში მიღებული დარტყმების შემდეგ თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მხარი სტკიოდა დავით ლობჟანიძესაც. ხვალ გვეცოდინება, თუ რამდენად სერიოზული იქნება ეს ტრავმები. სამწუხაროდ დავმაცხდით და ახლა პორტუგალიასთან სათამაშოდ მოვემზადებით.“

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის

პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი

15 აპრილი. ნახევარფინალები მე-5 ადგილისთვის

პორტუგალია - შოტლანდია 11:35

იტალია - საქართველო 15:13

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე (კაპ.), 14. დავით ლობჟანიძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. გიორგი კოშაძე, 11. თორნიკე მანაგაძე, 10. კოტე ახობაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ვანო მარგალიტაძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. გიორგი ჯავახია, 5. ოთარ გიორგაძე, 6. მიხეილ გორგასლიძე, 7. თორნიკე ზოიძე, 8. ბექა გორგაძე.

არ უთამაშიათ: 16. ლუკა გოგინავა, 17. შაქრო ლომსიანიძე, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ხუროშვილი, 20. ლაშა მამუჩარაშვილი, 21. თორნიკე ხურცილავა, 22. ბექა ნონიაშვილი, 23. გიორგი მელაძე, 24. ბესიკ გოგოლაძე, 25. ლაშა საჯაია, 26. კახა ელბაქიძე.

 

თასის ნახევარფინალები.

ინგლისი - უელსი 11:9

საფრანგეთი - ირლანდია 11:24

 

19 აპრილი

VII ადგილისთვის

პორტუგალია - საქართველო (13 საათი. თბ. დრ.)

V ადგილისთვის

შოტლანდია - იტალია

III ადგილისთვის

უელსი - საფრანგეთი

ფინალი

ინგლისი - ირლანდია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112139