რაგბი

10:16 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ვეფხვები 22:47 ლოკომოტივი

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ტიტულის დაცვა დიდი 10-ის დებიუტანტთან, პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ გამარჯვებით დაიწყო.

გასული სეზონის საუკეთესო მელელოვე გიორგი შკინინმა, შარშან აღებული ტემპი არ დაკარგა და სამი ლელო გაიტანა, ირაკლი წივწივაძემ, ზურაბ ძნელაძემ, ფარნავაზ გასვიანმა და დაჩი კოპაძემ კი, თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

‘ვეფხვების’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იოლად არ დანებდა და უძლიერესთა შორის ჩატარებულ პირველსავე მატჩში სამი ლელო გაიტანა - ლაშა შალიკაშვილმა, ვანო გელაშვილმა და ალექსი მუჩიაშვილმა.

დებიუტანტებმა ჩემპიონების პირველი მიძალება მოიგერიეს, მერე თავად შეუტიეს, ცენტრალური ხაზი გადაკვეთეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და რეზი ბროძელმა 41 მეტრიდან შესრულებული დარტყმით ანგარიში გახსნა.

‘ლოკომოტივი’ ამას არ შეეგუა და მე-15 წუთზე დაწინაურდა: შკინინი ფრთაზე მცველთან ერთი-ერთზე დარჩა, იოლად გაექცა და ბურთი ალამთან დაამიწა. ტაიმის შუაში შკინინი კვლავ გაიქცა და ფეხით ითამაშა, პატარძეულელები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ, თუმცა 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ, ირაკლი წივწივაძე ვეღარ შეაჩერეს.

32-ე წუთზე ‘ლოკომოტივის’ მორიგ აჩქარებას და შკინინის ფეხით თამაშს ზურაბ ძნელაძის ლელო მოყვა, ხოლო ზედ შესვენების წინ მოლი ლელოთი ფარნა გასვიანმა დაასრულა. ბექა წიკლაურმა 4-იდან 3 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაში დამძიმდა და ლელოები მხოლოდ დასკვნით 20 წუთში გავიდა. თავდაპირველად თავი კახელებმა გამოიჩინეს, რომლებმაც მეტოქეს 2 წუთში დაშვებული ორი შეცდომა არ აპატიეს დიდ 10-ში ‘ვეფხვების’ პირველი ლელო ლაშა შალიკაშვილმა, ხოლო მეორე ვანო გელაშვილმა გაიფორმა. ბროძელმა ორივე გარდასახა და სხვაობა 9 ქულამდე დავიდა - 17:26.

‘ლოკომოტივი’ ბონუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა თამაშს იქვე მოუმატა და შკინინმა კიდევ ორი ლელო გაიტანა - მას ჯერ მოლის შემდეგ მოკლე ფრთაზე გიორგი ბეგაძემ შეატევინა, მერე წიკლაურმა ჯარიმიდან ფეხით ფრთაზე გადაუკიდა. ‘ვეფხვებმა’ დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაციით და ალექსი მუჩიაშვილის ლელოთი უპასუხა, ბოლო წერტილი კი დაჩი კოპაძემ დასვა, რომლის ლელო წიკლაურმა გარდასახა და ‘ლოკომოტივმა’ რუსთავში ბონუსით, 47:22 იმარჯვა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068114