სხვა

21:00 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის კომისიის შუალედური გადაწყვეტილება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, რომელსაც საფრანგეთის სპორტის ყოფილი მინისტრი ვალერი ფურნერონი ხელმძღვანელობს, 500-დან 389-მდე შეამცირა იმ რუს სპორტსმენთა სია, რომლებსაც პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.

სიის 111 კაცით შემცირებას მნიშნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ ,, სუფთა’’ რუსს სპორტსმენთა ოლიმპიადაზე მიწვევის პროცესში.

„ამ სიიდან 80 პროცენტზე მეტს სოჭი-2014-ის თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია. ეს რუსს სპორტსმენთა ახალი თაობაა“, - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ დენის ოსვალდის დისციპლინარული კომისიის მოხსენების შემდეგ დისკვალიფიცირებული სპორტსმენებიდან სიაში არავინ არ დარჩა.

ერთგვარი გაცხრილვის შედეგად დარჩენილმა სპორტსმენებმა, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების თანახმად, ოლიმპიადამდე შემდგომი ტესტირებები უნდა გაიარონ. ასევე უნდა გადამოწმდეს მათი დოპინგ-სინჯები. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სოკ-მა პიონჩანგში სპორტსმენთა შესაძლო მიწვევა განიხილოს.

სოკ-ის განცხადების თანახმად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ახლა შეუძლია წარმოადგინოს ის სპორტსმენები, რომლებიც დააკმაყოფილებდნენ დაწესებულ კვოტებს. შერჩევის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს. ზოგიერთ სპორტსმენს ჯერაც შესასრულებელი აქვს რიგი მოთხოვნები. ამიტომაც, „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან“ გუნდში შემავალთა შესაძლო ზუსტ ციფრს ჯერ ვერ ასახელებენ.

„მიმდინარე ზამთრის სეზონის განმავლობაში სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული რუს სპორტსმენთა ჯგუფი ზედმიწევნით შემოწმდა. 2017 წლის აპრილიდან მათ იმაზე მეტი დოპინგ-ტესტი ჩააბარეს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყნის სპორტსმენებმა. ამასთან, არცერთი მათგანი ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის დასჯილი არ ყოფილა“, - ამბობს ფურნერონი, - კომისია საქმეს სერიოზულად მიუდგა. თითოეულ სპორტსმენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კოლეგიალურად მივიღეთ. სიის შედგენა იოლი არ იყო. ამავდროულად, გვინდა აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ოლიმპიადის საგზურის მიღებას მხოლოდ „სუფთა“ რუსი სპორტსმენები შეძლებენ. ყურადღებით შევისწავლეთ რიჩარდ მაკლარენის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, ასევე შმიდისა და ოსვალდის კომისიებისა და WADA-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციები“.

რუს სპორტსმენებთან დაკავშირებით სოკ-ის საბოლოო გადაწყვეტილება 27 იანვარს გამოქვეყნდება.
სოკ-მა ოლიმპიადაზე მიწვევაზე უარი უთხრა ასევე 51 რუს მწვრთნელს და 10 მედიცინის მუშაკს, რომლებიც დოპინგსკანდალში გახვეულ სპორტსმენებთან დაკავშირებულნი არიან.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124822