სხვა

20:07 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

EOC-ი მესამე ევროპული თამაშების მასპინძელს ეძებს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელი კომიტეტის წლევანდელ პირველ სხდომაზე იმსჯელეს 2023 წლის ევროპის თამაშების შესახებ. შეხვედრაზე ითქვა, რომ რიგით მესამე თამაშების მასპინძლის ვინაობა წლის ბოლოსთვის გამოვლინდება.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, სლოვენიელი იანეჟ კოჩიანჩიჩის ცნობით, მათ საუბარი ჰქონდათ რამდენიმე დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელთან, მაგრამ საჯაროდ ამ ქვეყნების დასახელებისგან ჯერეჯერობით თავს იკავებს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 2015 წლის ბაქოს საინაუგურაციო და საგაისო მინსკის თამაშების შემდეგ, 2023 წლის ევროპის თამაშების მასპინძლობის მსურველთა შორის დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა უნდა აღმოჩნდეს.

თავდაპირველად მეორე ევროპული თამაშების მასპინძლობა ჰოლანდიას სურდა, მაგრამ მოგვიანებით ქვეყნის მთავრობამ ფინანსურ მხარდაჭერაზე უარი თქვა.

„საუბრები რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ მასპინძელი დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა იყოს, - აცხადებს იანეჟ კოჩიანჩიჩი. - ევროპაში 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია. ზოგი მდიდარია და ზოგიც ღარიბი, მაგრამ ბალანსის დაცვაც გვსურს. ასე რომ, დროა მასპინძლად გვყავდეს დასავლეთ ევროპის ერთ- ერთი ქვეყანა. შესაძლოა, მაისში ბელგრადის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე დავიწყოთ დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების პროცედურა, რომელიც მომავალ მასპინძელთან მიგვიყვანს.“

სლოვენიელი მაღალჩინოსანი, რომელიც 15 თვე EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ნოემბერში კი ამ თანამდებობაზე ირლანდიელი პატრიკ ჰიკი შეცვალა, აღიარებს, რომ დღეს მეტად რთულია საიმედო მასპინძლის მოძებნა.

„ასეთი ვითარება გვაქვს არა მარტო ევროპის, არამედ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებითაც. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და ორგანიზატორებთან ერთად, უნდა დავეკითხოთ ქალაქებსაც. ხანდახან რეფერენდუმებიც საჭიროა. რთული პროცედურაა, - დასძენს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, - ასევე მნიშვნელოვანია მივყვეთ „ოლიმპიური დღის წესრიგი 2020“-ით (ოლიმპიური მოძრაობის ერთგვარი საგზაო რუკა) განსაზღვრულ პრინციპებს. უნდა მოვერგოთ არსებულ ინფრასტრუქტურას, შესაძლებლობებს და მასპინძელი ქალაქის სურვილებს. ყველა ქვეყანას, ყველა ეოკ-ს აქვს საკუთარი იდენტობა“.

geonoc.org.ge

0.134244