ავტოსპორტი

3:31 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენს“ შასიზე „რენოს“ ძრავის ინტეგრირება არ გასჭირვებია

„მაკლარენ რეისინგის“ ტექნიკურმა დირექტორმა ტიმ გოსმა განაცხადა, რომ შასიზე „რენოს“ ძრავის ინტეგრირების პროცესი წარმატებულად განხორციელდა და თან ისე, რომ შასის მოდერნიზაცია საჭირო არ გახდა.

გოსის თქმით, „რენოს“ აგრეგატის აგებულება ძირეულად განსხვავებულია. გუნდს ის იმ შასიზე უნდა მოერგო, რომელიც „ჰონდას“ ძრავის შესაბამისადაა შემუშავებული. ძრავების ორი ტიპის არქიტექტურა არსებობს. ერთს „მერსედესი“ და „ჰონდა“ იყენებენ, მეორეს კი - „ფერარი“ და „რენო“. ისინი განსხვავებულ შეთანწყობას და შასის სტრუქტურას საჭიროებენ. ამის გამო არსებობდა იმის საშიშროება, რომ უოკინგელებს შასის კონცეპციის შეცვლაც კი მოუწევდათ.

ამ ორი ტიპის ძრავების სტრუქტურას შორის ძირითად განსხვავებას, ტურბო კომპრესორის განლაგება განაპირობებს. „მერსედესის“ და „ჰონდას“ ძრავებზე ტურბინა უკან არის განლაგებული, კომპრესორი კი - წინ. მათ შუაში MGU-H სისტემაა განლაგებული. „ფერარი/რენოს“ შემთხვევაში კი კომპრესორი უკან განლაგდა, MGU-H მის უკან და უფრო უკან კი ტურბინა.

გოსი ამბობს, რომ შესაცვლელი გახდა შეთანწყობა, გაგრილების სისტემის კონფიგურაცია და გადაცემათა კოლოფის განლაგება, რათა ახალი აგრეგატი ოპტიმალურად განლაგებულიყო. გოსი ყვება, რომ „ჰონდას“ ძრავის შემთხვევაში, მისი ჰაერის ამღები ძრავის წინა ნაწილთან იყო დაკავშირებული და საწვავის უჯრედისთვის სივრცეს ამცირებდა. ამის გამო, შასის დაგრძელება გახდა საჭირო.

„რენოს“ შემთხვევაში, ძრავის წინა ნაწილი უფრო მარტივია და საწვავის უჯრედისთვის მეტი ადგილი თავისუფლდება. ამიტომ შესაძლებელი გახდა ძრავის წინ წაწევა, რაც აუმჯობესებს ძრავის და გამოსაბოლქვი სისტემის ადგილებში ავტომობილის აეროდინამიკას.

გოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი „მაკლარენის“ სარბოლო ავტომობილს ბევრ პლიუსს მისცემს, რაც გუნდს იმის იმედს აძლევს, რომ „რედ ბულთან“ და „ფორს ინდიასთან“ ბრძოლას შეძლებს.

0.117055