სხვა

20:54 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი კორეა ერთი დროშით

სეულსა და ფხენიანს შორის უმაღლეს დონეზე გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა: სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა პიონჩანგ-2018-ის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი დროშის ქვეშ გამოვლენ. მეტიც, შესაძლოა, კორეის გაერთიანებულმა გუნდმა იასპარეზოს ქალთა ჰოკეიში.

გაერთიანებული გუნდის შემადგენლობის შესახებ მსჯელობა 20 იანვარს გასამართ იმ შეხვედრაზე შედგება, რომლის თავმჯდომარეც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, სოკ-ის წევრები ორივე ქვეყნიდან და პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, არც ერთ ჩრდილოეთკორეელ სპორტსმენს არა აქვს ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის რეგისტრაცია, თუმცა, სავარაუდოდ, სოკ-ი დაუშვებს გამონაკლისს, ამას გარდა, რამდენიმე ჩრდილოეთკორეელ სპორტსმენებს მისცემს Wild Card-ს - სპეციალური შერჩევის გარეშე შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 9-25 თებერვალს გაიმართება. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ბოლო 12 წლის მანძილზე გამართულ სპორტულ ღონისძიებებს შორის იქნება პირველი, როცა ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთ დელეგაციაში გამოვლენ. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები გაერთიანებული გუნდით 2006 წელს ტურინის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოვიდნენ.

geonoc.org.ge

0.113137