სხვა

23:25 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიონჩანგი-2018 -ის მიღმა დარჩენილი ოლე ეინარ ბიორნდალენი ევროპის ჩემპიონატზე გამოვა

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ოლიმპიელს, ბიატლონის მეფედ შერაცხულ ნორვეგიელ ოლე ეინარ ბიორნდალენს იმედები გაუცრუვდა. რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა პიონჩანგის თამაშებისთვის შესარჩევი ციკლი ვერ გაიარა და ნორვეგიის ნაკრებს მიღმა დარჩა.

გერმანიის რუპოლდინგის მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც 43 წლის ბიორნდალენისთვის გადამწყვეტი იყო, სახელგანთქმულმა ჩემპიონმა ინდივიდუალურ რბოლაში 42-ე ადგილი დაიკავა (მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი მე-18 ადგილი ჰქონდა).

ბიორნდალენმა უკმაყოფილება გამოთქვა ნორვეგიის ბიატლონის ფედერაციისა და ადგილობრივი ოლიმპიური კომიტეტის მიმართ. სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ პიონჩანგის თამაშებისთვის იგი კარგ სპორტულ ფორმაში იქნებოდა.

„ერთხელაც ეს დღე უნდა დამდგარიყო და, აი, ისიც დადგა", - ამბობს იმედგაცრუებული ბიორნდალენი.

ამასობაში ირკვევა, რომ ბიორნდალენს ვალ-რიდანში (იტალია) ევროპის ჩემპიონატზე (24-28 იანვარი) მონაწილეობა განუზრახავს.

ბიორნდალენმა ოლიმპიური კარიერა ლილეჰამერის (1994) ზამთრის თამაშებიდან დაიწყო, ოლიმპიური მედლების შეგროვებას კი ნაგანოდან (1998) შეუდგა. ექვს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. გარდა ამისა, მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატების 20 ოქროს, 14 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112158