ფეხბურთი

18:23 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რატომ აღარ ჩანან აზერბაიჯანში ქართველები?

დრო იყო, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ოცამდე ქართველი თამაშობდა. ზოგიერთნი სულაც საუკეთესოები იყვნენ. საკმარისია, ალექსანდრე იაშვილი, ალეკო გოგობერიშვილი, გიორგი ადამია, დავით ოდიკაძე, ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი, ან სულაც 90-იან წლებში მოთამაშე ბადრი კვარაცხელია ვახსენოთ. ამას დაუმატეთ მწვრთნელები – კახა ცხადაძე, ზაურ სვანაძე, გიორგი ჩიხრაძე...

აზერბაიჯანში იკლო ქართველთა რაოდენობამ. ბოლო თვეებში, იქაურ უმაღლესში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობდა: მცველი თამაზ ცეცხლაძე “სებაილში”. მხოლოდ ერთი!

აზერბაიჯანი კარგი დასაყრდენი იყო იმ ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატში მაინცდამაინც საუკეთესონი ვერ იყვნენ და ევროპის ძლიერ ლიგაში ვერ მიდიოდნენ. ან მათთვის, რომლებიც 30-ს გადასცდნენ და ბოლოს მხოლოდ ფულის გულისთვისღა მიდიოდნენ მეზობელ ქვეყანაში.

ყოველ შემთხვევაში, არ გვახსენდება, რომ მზარდი, პერსპექტიული ქართველი აზერბაიჯანში წასულიყოს სათამაშოდ. კიდევ კარგი, აქამდე მაინც არ მისულა საქმე...

დღეს რა შეიცვალა? რა და ფინანსური მდგომარეობა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში კლუბებს ძველებურად აღარ ულხინთ. დარჩა მხოლოდ ორი კლუბი, სადაც დიდი ფულია: “ყარაბაღი” და “გაბალა”. პირველი გასაგებია, ჩემპიონთა ლიგაშიც კი მოხვდა, აი, “გაბალაში” კი შარშანწინდელთან შედარებით გაუარესდა ვითარება და ხელფას-პრემიეალურებმაც იკლო. შემადგენლობაც დასუსტდა. და მაინც, “გაბალა” ინარჩუნებს სახეს. აქვთ საშუალება “ზირასა” და “ნეფთჩის”, თუმცა “ყარაბაღთან” რა შედარებაა.

აზერბაიჯანში მხოლოდ ორი ლიგაა, როცა ჩვენთან ხუთია და თანაც, რანგით მეოთხე ლიგაში 40 კლუბი გამოდის.

მოკლედ, საქმე ასეა: “ყარაბაღმა” თამასა ძალიან ზემოთ ასწია და იქ ქართველი თუ დასჭირდათ, ძალიან მაგარი უნდა იყოს. სხვაგან კი, არც ფულია და ჩვენებიც არ ეტანებიან. ამას დაუმატეთ, რომ აზერბაიჯანში აღარ მუშაობენ ცხადაძე, ჩიხრაძე და სვანაძე, შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები ვეღარ მიჰყავთ.

დიდად სანერვიულო არც არის. კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები შედარებით ძლიერი საფეხბურთო ქვეყნებისკენ მიიწევენ, ან სულაც საქართველოში რჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.08162