ფეხბურთი

12:22 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მოყვარულთა თასი 2017-ის" ზონების ფინალისტები ცნობილია

25-26 ნოემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონსა და სტადიონ მცხეთა-პარკზე გაიმართა სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალური ეტაპის მატჩები, რომელიც ორ ზონად (აღმოსავლეთი და დასავლეთი) მიმდინარეობს. ორივე ზონის თამაშები წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა პატივი მიაგეს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაღუპული სპეცრაზმელის და ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

დასავლეთის ზონის პირველი თამაში ფოთის „ჭაბონამასა“ და ქუთაისის „სარბევს“ შორის გაიმართა. მატჩი ფოთელთა უპირატესობით წარიმართა და საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. მატჩის პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ფოთელებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს და გიორგი ფარღალავას გოლით დაწინაურდნენ. ქუთაისელები ცდილობდნენ, თამაში კონტრშეტევებზეაეგოთ, თუმცა ისევ ფარღალავას უმაღლესი დონის თამაშმა ქუთაისელები უშანსოდ დატოვა. მან მეტოქის კარი ოთხჯერ აიღო. ფარღალავას „პოკერის“ შემდეგ, ქუთაისელები საბოლოოდ გატყდნენ და მეორე ტაიმის მიწურულს კიდევ ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. საბოლოო ანგარიში (6:0) ფოთელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა და ისინი დასავლეთის ზონის ფინალში ითამაშებენ.

რაც შეეხება წყალტუბოსა და ონის „მამისონის“ დაპირისპირებას, გულშემატკივარმა ნამდვილი დრამა იხილა ორივე გუნდის შესრულებით. ონის „მამისონის“ თავდამსხმელა ტყეშელაშვილმა საუკეთესოდ გამოიყენა წყალტუბოს მცველების დაშვებული შეცდომები პირველი ტაიმის საწყის წუთებში და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. თამაშის დარჩენილი დრო წყალტუბოელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მომენტების რეალიზაციის პრობლემა ჰქონდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში, წყალტუბოელთა შემტევმა თევზაძემ შეძლო და ერთი ბურთი გაქვითა. “მამისონის“ კონტრშეტევები საკმაოდ მწვავე იყო, თუმცა წყალტუბოელებმა მეორე ტაიმის მიწურულისკენ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. თამაშისბოლო წუთები საკმაოდემოციური და დაძაბულიგამოდგა. „წყალტუბომ“ გამარჯვება თამაშის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით შეძლო. საბოლოოდ,მატჩი„წყალტუბოს“ გამარჯვებით (3:2) დასრულდა და დასავლეთის ზონის ფინალურ მატჩში ფოთის „ჭაბონამას“ დაუპირისპირდება.

დაძაბული გამოდგა აღმოსავლეთის ზონის პირველი ნახევარფინალური მატჩი „35-ე თბილისსა“ და „ნახალოვკას“ შორის. აღსანისნავია, რომ ეს გუნდები საკმაოდ კარგად იცნობენ ერთმანეთს და მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ წარსდგნენ პირისპირ. შეხვედრაში ანგარიში „35-ე თბილისმა“ გახსნა, როცა მარცხენა ფლანგიდან შალვა უზნაძის ჩაწოდებულ ბურთზე პირველმა გაგა კირკიტაძემ ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა „ნახალოვკამ“ მოიპოვა და ჯერ გიორგი აფციაურმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდგომ სილაგავამ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. პირველი ნახევრის მიწურულს,„35-ე თბილისმა“ ზეწოლა გააძლიერა „ნახალოვკის“ საჯარიმოზე, რამაც შედეგი გამოიღო და „ნახალოვკის“ მცველის საჯარიმოში ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც უზადოდ შეასრულა რადიონ ცხომარიამ და ანგარიში გაათანაბრა (2:2).

მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა რამოდენიმე სახიფათო შეტევა გაცვალეს, თუმცა არცერთ მათგანს გოლი არ მოჰყოლია, საბოლოოდ კი გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ბრწყინვალედ გაისარჯა „ნახალოვკის“ მეკარე ბაკურ საჯაია და პენალტების სერია ნახალოვკის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

აღმოსავლეთის ზონის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდა „მეჯვრისხევი“ და „კავკასია თელეთი“. შეხვედრის პირველი ტაიმი ძალიან მძიმედ დაიწყეს გუნდებმა და საწყის წუთებში სახიფათო შეტევა არ განხორციელებულა. სიტუაცია არც პირველი ტაიმის მეორე ნახევარში შეცვლილა და გუნდებიც შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში შეტევებს უმატა „მეჯვრისხევმა“, რომელმაც საბოლოოდ გატეხა მეტოქე და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. გამოსარჩევია „მეჯვრისხევის“ თავდამსხმელის დავით ადუაშვილის თამაში, რომელმაც ჰეთრიკის შესრულება მოახერხა და ლომის წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „worldsport.ge“,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142165