ფეხბურთი

3:36 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანიამ “ავივა სთედიუმი” აიღო და მუნდიალზე გავიდა

უეფას ზონიდან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის დარჩენილი უკანასკნელი საგზური დანიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად “ავივა სთედიუმზე” ირლანდია გაანადგურა.

კოპენჰაგენში გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და გუნდების შანსები აბსოლუტურად თანაბრად ფასდებოდა. თანაც, მასპინძელთათვის მატჩი ისე დაიწყო, რომ უკეთესს ვერც ინატრებდნენ: “მწვანეებმა” სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი, სადაც ჯერ მცველებისთვის დასახმარებლად ჩასული იორგენსენი შეცდა, რომელმაც ბურთი გამოტანის ნაცვლად უკან გაგზავნა, რასაც გამოსვლაზე რენდოლფის ცუდი თამაში მოჰყვა და შეინ დაფმა მე-6 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა – დანიამ დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, ირლანდია კი დაცვაში ჩადგა და კონტრშეტევებზე თამაში დაიწყო. უილიამ კვისტი და სისტო მწვავედ დაემუქრნენ მასპინძელთა კარს, თუმცა რენდოლფმა ორივე შემთხვევაში ივარგა. ირლანდიელთაგან კი მერფი და მაკკლინი იყვნენ მიზანთან და ოდნავ ზუსტად რომ ეთამაშათ, შეხვედრის სცენარი სულ სხვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და 29-ე წუთზე ფლანგზე სისტოს კარგი თამაშის წყალობით, კრისტიანსენმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში კრისტიან ერიკსენმა საჯარიმოს ხაზიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და ირლანდიელებს სამწუთიანი მონაკვეთის განმავლობაში ყველაფერი თავზე დაემხოთ, მათ რუსეთის საგზურის მოსაპოვებლად მინიმუმ ორი გოლის გატანა სჭირდებოდათ, თუმცა მეორე ტაიმში გოლი აქეთ მიიღეს, თანაც არაერთი.

მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით დაიწყო და საწყის 15 წუთში ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მაგრამ მეკარეებმა იყოჩაღეს. ორმატჩიან დუელში ყველაფერი 63-ე წუთზე გადაწყდა: კრისტიან ერიკსენმა საჯარიმოს მისადგომებიდან უზუსტესად დაარტყა და რენდოლფს შანსი არ დაუტოვა, ხოლო 74-ე წუთზე მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ირლანდიელთა კუბოს ბოლო ლურსმანი ცვლილებაზე შემოსულმა ნიკლას ბენდტნერმა დააჭედა, რომელმაც 90-ე წუთზე პენალტი შეასრულა ზუსტად – 1:5.

ცნობისთვის, დანია მუნდიალზე მეხუთედ ითამაშებს. სკანდინავიელებმა საუკეთესო შედეგს 1998 წელს მიაღწიეს, როდესაც 1/4 ფინალამდე გავიდნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ირლანდია – დანია 1:5 (1:2) VIDEO

დუბლინი, “ავივა სთედიუმი”

ირლანდია (4-5-1): რენდოლფი, კლარკი (ლონგი 71), დაფი, კრისტი, უარდი, ბრედი, არტერი (მაკგრედი 46), მეილერი (ჰულაჰანი 46), ჰენდრიკი, მაკკლინი, მერფი.
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

დანია (3-4-1-2): შმეიხელი, კრისტიანსენი, კიაერი, ბელანდი, კვისტი, დელანი, ლარსენი (ანკერსენი 54), პოულსენი (კორნელიუსი 70), ერიკსენი, სისტო, იორგენსენი (ბენდტნერი 84).
მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე

გოლები: 1:0 დაფი (6), 1:1 კრისტიანსენი (29), 1:2, 1:3, 1:4 ერიკსენი (32; 63; 74), 1:5 ბენდტნერი (90 პენ.)
მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098594