ჭიდაობა

13:19 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

16 მედალი ბაქოს საჭიდაო დღეებიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ბაქოს ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გამართულ ოთხდღიან საერთაშორისო ტურნირზე - “აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე” 16 მედალი მოიპოვეს.

ოთხდღიანი შეჯიბრება 19 აპრილს ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანად ლადო შავაძემ (63 კგ) იჭიდავა – ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. ფინალში მან აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაიევი 2:1 დაამარცხა. ირაკლი ძიმისტარიშვილი (42 კგ), რომან ლომინაძე (54 კგ) და გიორგი მარშანია (100 კგ) პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

20 აპრილს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ჩაერთო და დღე 3-3 ვერცხ-ბრინჯაოთი და გუნდური მეორე ადგილით ჩაამთავრა. შმაგი ბოლქვაძეს (66 კგ), ლაშა გობაძესა (84 კგ) და სამუკა დარჩიას (120 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. მესამე საპრიზო ადგილები კი გელა ბოლქვაძემ (74 კგ), ნიკოლოზ კახეიშვილმა (96 კგ) და ზურაბ გედეხაურმა (120 კგ) დაიკავეს.

თავისუფალთათვის განკუთვნილი დღეები ჭაბუკებმა გახსნეს და ქართულმა გუნდმა ახალგაზრდა ბერძენ-რომაელების მსგავსად, საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ოღონდ ამ შედეგისთვის ერთით ნაკლები ვერცხლი ეყო.

რამაზ თურმანიძე (42 კგ) და მექი სიმონია (76 კგ) ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ალექსანდრე ლომინაძე (50 კგ), გოგა მამიაური (58 კგ) და ლევან ინასარიძე (63 კგ) ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

“აზერბაიჯანის ფედერაციის თასი” გუშინ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდების შეჯიბრით დასრულდა. ქართველთათვის კი ტურნირის დასკვნითი დღე მწირმოსავლიანი გამოდგა – პოდიუმზე მხოლოდ რამაზ დარჩიძე (55 კგ) ავიდა და ისიც მესამე საფეხურზე. დარჩიძის გარდა რეპეშაჟის ფინალში გიორგი ბრეგაძემ, შოთა ფარტენაძემ (ორივე 60 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (66 კგ) და ირაკლი მწითურმაც (84 კგ) იჭიდავეს მაგრამ ოთხივემ წააგო და საბოლოოდ მე-5 ადგილებს დასჯერდნენ.

 

“აზერბაიჯანის ფედერაციის თასი”

19-22 აპრილი

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

 

ჭაბუკები

ლადო შავაძე (63 კგ) – ოქრო

ირაკლი ძიმისტარიშვილი (42 კგ) – ბრინჯაო

რომან ლომინაძე (54 კგ) – ბრინჯაო

გიორგი მარშანია (100 კგ) – ბრინჯაო

 

ახალგაზრდები

შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) – ვერცხლი

ლაშა გობაძე (84 კგ) – ვერცხლი

სამუკა დარჩია (120 კგ) – ვერცხლი

გელა ბოლქვაძე (74 კგ) - ბრინჯაო

ნიკოლოზ კახეიშვილი (96 კგ) – ბრინჯაო

ზურაბ გედეხაური (120 კგ) – ბრინჯაო

 

თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკები

 

რამაზ თურმანიძე (42 კგ) – ვერცხლი

მექი სიმონია (76 კგ) – ვერცხლი

ალექსანდრე ლომინაძე (50 კგ) – ბრინჯაო

გოგა მამიაური (58 კგ) – ბრინჯაო

ლევან ინასარიძე (63 კგ) – ბრინჯაო

 

ახალგაზრდები

რამაზ დარჩიძე (55 კგ) – ბრინჯაო

 

0.102538