ფეხბურთი

23:38 | 3.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: “ბაიერნი” ლუის ვან გაალს უახლოვდება

მიუნხენის “ბაიერნი” მთავარ მწვრთნელს გამალებით ეძებს და ახალი ვერსიაც გაჟღერდა. Westdeutsche Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, მიუნხენში სერიოზულად განიხილავენ ლუის ვან გაალის კანდიდატურას. აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაავრცელეს ავტორიტეტულმა გამოცემებმა Eurosport-მა და Bild-მა.

აქამდე სახელდებოდა ტომას ტუხელის გვარიც და თითქოს მთავარი ფავორიტიც იყო, მაგრამ “ბაიერნის” შეფობამ “დორტმუნდის” ექსთავკაცის მიწვევა როგორც ჩანს, გადაიფიქრა.

ვან გაალი “ბაიერნში” 2009-2011 წლებში უკვე მუშაობდა და პირველივე სეზონში “რეკორდმაისტერს” ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოაგებინა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. საგულისხმოა, რომ მიუნხენურ გიგანტში ჩვეული ამბავია მწვრთნელთა დაბრუნება. ასე მოხდა უდო ლატეკის, ოტმარ ჰიტცფელდის, ჯოვანი ტრაპატონისა და იუპ ჰაინკესის შემთხვევაში. სწორედ ვან გაალმა დააწინაურა “ბაიერნის” მთავარ გუნდში თავის დროზე დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი.

წყაროს ცნობით, ვან გაალის მიწვევა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იგეგმება, ხოლო ზაფხულში “ბაიერნს” “ჰოფენჰაიმის” თავკაცი იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს. აქვე შეგახსენებთ, რომ “ბაიერნიდან” ხუთი დღის წინ იტალიელი კარლო ანჩელოტი დაითხოვეს. გარდა ამისა, უცხოურ მედიაში ლუის ენრიკეს შესახებაც დაიწერა.

რაც შეეხება ვან გაალს – ჰოლანდიელს სხვა და სხვა დროს "აიაქსი", “ალკმაარი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერი” და ჰოლანდიის ნაკრები გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115803