სხვა

20:05 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორში ახალი სასწავლო სპორტული სეზონი გახსნეს

გორის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

ტიტულოვანი გორელი სპორტსმენები, რომლებიც მსოფლიოს ასპარეზზე დიდი წარმატებებით გამოირჩევიან, სწორედ ამ გაერთიანების დარბაზებში ვარჯიშობენ.

ღონისძიებას მრავლად ესწრებოდნენ წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვეს.

ახალი სეზონი სიმბოლურად, სადღესასწაულო ტორტის გაჭრით, ტიტულოვანმა სპორტსმენებმა - თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა გახსნეს.

გორის სპორტული სკოლების გაერთიანებაში შედის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლა და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა. ყველა ამ სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან სპორტის 16 სახეობაში ჩატარდება სასწავლო-საწვრთნელი პროცესი.

წლევანდელი წლიდან ახალი სახეობა ძალოსნობაც შეემატა ამ ჩამონათვალს, რომელიც აქამდე არ ყოფილა გორში, მაგრამ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის და გორის სპორტული სკოლების გაერთიანების დირექტორის გიორგი პურიჭამიაშვილის ხელშეწყობით უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს. ძალოსნობის დარბაზი შესაბამისი ინვენტარით და მწვრთნელით უკვე მზადაა მოსწავლეთა მისაღებად.

სიახლეა ისიც, რომ სპორტული სკოლების გაერთიანებას ახალი სეზონიდან ეყოლება საინფორმაციო მხარდამჭერები: ვებ გვერდები Worldsport.ge, Qartlisport.Ge და Qartli.Ge, გაზეთები ,,ლელო" და "გორის მაცნე", აგრეთვე ტელეკომპანიები "თრიალეთი" და "დია".

სპორტული სკოლების გაერთიანებაში მოუთმენლად ელიან გორში სპორტის სასახლის მშენებელობის დასრულებას, სადაც უკვე 2018 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სახეობაში მასშტაბური შეჯიბრებების ორგანიზება და სპორტული ღონისძიებების გამართვა.

ვასილ ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153949