ფეხბურთი

15:42 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივ ნაკრებთა მწვრთნელები - ვინ ვინ არის?

21, 20, 19, 18, 17, 16, 15 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ახალი სისტემა დაინერგა ასაკობრივ ნაკრებებში. ამის შესახებ უკვე ითქვა, მაგრამ ვეცდებით, უფრო მკაფიოდ დავწეროთ და მწვრთნელებსაც შევეხოთ. ზოგადად, ეს სისტემა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებულია, მათ შორის, გერმანიაშიც.

რა არის 20-წლამდელთა ნაკრების ფუნქცია? იქ მოხვდებიან ფეხბურთელები, რომლებიც 19-წლამდელთა ნაკრებში ვერ ითამაშებენ ასაკის გამო, ხოლო 21-წლამდელებში ვერ ხვდებიან. რატომ უნდა გაცდნენ ტყუილად? შეიკრიბებიან, ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ. უკვე ჰქონდათ კიდეც შეკრება სექტემბრის დასაწყისში.

იგივე დატვირთვა აქვს 18-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც ჯერ არ შეკრებილა. გაისად შემოდგომაზე მოუწევთ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა და თადარიგი აქედანვე უნდა დაიჭირონ. რა თქმა უნდა, არავინ იცის, გაისად ამ დროს ვინ როგორ იქნება მომზადებული, სელექცია უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს.

16-წლამდელებს რაც შეეხებათ, ეს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრები იქნება. მათ გაისად შემოდგომაზე ელით 17-წლამდელთა ევროშესარჩევი.

გარდა ამისა, სისტემა გულისხმობს 15-დან 17-წლამდე ნაკრებების თავკაცების მონაცვლეობას და იგივე მოდელით გადაადგილებას 18 და 19-წლამდელთა ასაკობრივებში.

21-წლამდელები (არაუმეტეს 1996) - გია გეგუჩაძე;

20-წლამდელები (არაუმეტეს 1998) - ვასილ მაისურაძე;

19-წლამდელები (არაუმეტეს 1999) - გიორგი ყიფიანი;

18-წლამდელები (არაუმეტეს 2000) - გიორგი მიქაძე;

17-წლამდელები (არაუმეტეს 2001) - გიორგი ნემსაძე;

16-წლამდელები (არაუმეტეს 2002) - ზვიად ჯელაძე;

15-წლამდელები (არაუმეტეს 2003) - გიორგი ჩიტაური;

ამ შვიდ ნაკრებში სამი ახალი სახეა: მიქაძე, ჯელაძე და ჩიტაური. სამივე მათგანზე მოკლედ დავწერთ. ისე, კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. ხშირად გაიგონებთ ამა თუ იმ მწვრთნელზე აუგს, მაგრამ საფეხბურთო წრეში მათზე ყურმოკვრითაც არაფერი გვსმენია უარყოფითი.

37 წლის გიორგი მიქაძე შარშანდელი ივნისიდან მუშაობდა მარტვილის "მერანში", საიდანაც ერთი თვის წინ წამოვიდა. შედეგი? "მერანი" ჯერ ეროვნულ ლიგა2-ში დარჩა (სადაც 18-დან მხოლოდ 6 გუნდი რჩებოდა) და წლეულსაც დამაჯერებლად ლიდერობდა ლიგა2-ს. მთავარი მიღწევა კი, რა თქმა უნდა, საქართველოს თასის ფინალში გასვლაა.

ბევრს გაუკვირდა, თუ რატომ გაიყარა მიქაძისა და "მერანის" გზები, თუმცა სად რა დაიმალება... კლუბის პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას აგვისტოში უსაუბრია მიქაძესთან, სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხმა იკლო და ახალი ფეხბურთელებიც ვერ ამართლებენო. საუბარი კი იმით დამთავრდა, რომ მიქაძე თავისი ნებით წავიდა. იყო შეთავაზება დარჩენაზე, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა.

მანამდე იყო "ზესტაფონში" და ასევე, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტად. ფედერაციის აკადემიაში კი სწორედ 2000 წელს დაბადებულებს თავკაცობდა, თუმცა იმ ასაკის გუნდი აკადემიაში აღარაა, ჭაბუკებიც სხვადასხვა გუნდებში წავიდნენ. მიქაძე თავის დროზე პერსპექტიული ახალგაზრდა თავდამსხმელი იყო, თუმცა ის ფეხბურთი ვერ ითამაშა, რასაც ელოდნენ.

43 წლის ზვიად ჯელაძეს უმაღლეს ლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს, კერძოდ, მუშაობდა "გაგრასა" და "საპოვნელაში". იყო თბილისის "დინამოს" აკადემიაში და ამჟამადაც მუშაობს ფედერაციის აკადემიის 15-წლამდელთა გუნდში. უფრო "გაგრასთან" ასოცირდება, სადაც 2012 წლიდან მუშაობდა მთავარ მწვრთნელად. მანამდე ანატოლი პისკოვეცის ასისტენტი გახლდათ.

ჯელაძე სოხუმში დაბადებულ-გაზრდილია, ფეხბურთელობის დროს არაერთი რუსული კლუბი გამოიცვალა, თუმცა წამყვან ქართულ გუნდებშიც თამაშობდა: მათ შორის, თბილისის "დინამოში", "ამერში", "გორდაში", "ცხუმში".

რაც შეეხება 38 წლის ჩიტაურს, მან შარშან რამდენიმე თვე იმუშავა "საპოვნელაში", თორემ სხვა მხრივ, მისი სამწვრთნელო კარიერა მთლიანად თბილისის "ლოკომოტივს" უკავშირდება. ჩიტაურის ხელში დღესდღეობით ცნობილ არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუვლია: გიორგი არაბიძეს, ნიკა ჭანტურიას, მათე ცინცაძეს, გიორგი გოროზიას, დავით ჯიქიას, დავით სამურკასოვსა და სხვებს.

ჩიტაური "ლოკოში" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, ამჟამად კი 13-წლამდელებს ხელმძღვანელობს.

ვნახოთ, ყველაფერს შედეგები გვაჩვენებს.

0.161257