ფეხბურთი

2:18 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ბრწყინვალე “იუნაიტედი” და უგოლო ლონდონური დერბი

პრემიერლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” თანაქალაქელ “არსენალს” დაუხვდა და შინ ქულა გაატანა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა ძალიან ცოტა მომენტი იქმნებოდა და ეს პირველ რიგში ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგზე აისახა. პირველ ნახევარში სტუმრებს ორი ძალიან კარგი ეპიზოდი შეექმნათ, პირველ შემთხვევაში ალექსანდრე ლაკაზეტის თავური ოდნავ ასცდა ტიბო კურტუას კარს, ხოლო ტაიმის ბოლოს აარონ რემსის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია. მასპინძელთაგან გოლის გატანა 22-ე წუთზე პედროს მართებდა, რომელიც ფაბრეგასის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან უხეიროდ დაარტყა და ჩეხს ამ ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

მეორე ნახევარში სახიფათო მომენტები თითქმის არ ყოფილა. სტუმრებმა კი, გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა შკოდრან მუსტაფი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გვერდით მსაჯს ეს არ გამოპარვია. მასპინძლებმა კი შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს: 87-ე წუთზე დავიდ ლუისმა კოლოშინაცის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო – 0:0.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ევერტონი” მიიღო და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. “წითელი ეშმაკები” შეხვედრის დებიუტშივე ანტონიო ვალენსიას ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი სწორედ ეკვადორელის მიერ გატანილი ბურთით მოიგეს.

“იუნაიტედმა” მეტოქის გატეხვა მიმდინარე სეზონში მისთვის დამახასიათებლად მოახერხა. ჟოზე მოურინიოს შეგირდებს აქამდე მოგებული სამი მატჩის დასკვნით ათ წუთში ექვსი გოლი ჰქონდათ გატანილი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესეს: 83-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემა ჰენრიხ მხიტარიანმა შეირგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, 89-ე წუთზე თავად ლუკაკუმაც გაიტანა, ხოლო 92-ე წუთზე ანტონი მარსიალმა მის მიერ გამომუშავებული პენალტი გოლად აქცია – 4:0.

ხუთი ტურის შემდეგ პრემიერლიგას ორი მანჩესტერული კლუბი ლიდერობს, რომელთაც ყველაფერში ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ.

ჩელსი – არსენალი 0:0

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-2-1): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო, მოზესი, პედრო (ბაკაიოკო 46), ვილიანი (აზარი 70), მორატა (კრისტიანსენი 89).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, მონრეალი, მუსტაფი, კოშელნი, რემსი, ჯაკა, კოლოშინაცი, ბელერინი, აივობი (ელნენი 80), უელბეკი (ჟირუ 73), ლაკაზეტი (სანჩესი 66).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გაფრთხილებები: ლუისი, მორატა – ელნენი, კოლოშინაცი, ბელერინი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

მანჩესტერ იუნაიტედი – ევერტონი 4:0 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, ჯონსი, ა.ვალენსია, იანგი, მატიჩი, ფელაინი, მხიტარიანი (მარსიალი 88), რეშფორდი (ლინგარდი 61), მატა (ერერა 77), ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ევერტონი (3-4-2-1): პიკფორდი, კინი, უილიამსი, იაგიელკა, გაიე (კალვერტ-ლეუინი 76), შნეიდერლენი, მარტინა, ბეინსი, ტ.დევისი (ს.რამირესი 66), სიგურდსონი, რუნი (მირალაში 82).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 ა.ვალენსია (4), 2:0 მხიტარიანი (83), 3:0 ლუკაკუ (89), 4:0 მარსიალი (92 პენ)
გაფრთხილებები: ბაილი – უილიამსი
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.136573