კალათბურთი

0:55 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენია ევროპის ჩემპიონია

სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებულია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა გადამწყვეტ მატჩში სერბეთის დამარცხება მოახერხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

ევროპის აწ უკვე მოქმედმა ჩემპიონმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ცხრავე შეხვედრის მოგება მოახერხა და რაც მთავარია, ნახევარფინალში უძლიერესი ესპანეთის ნაკრები გაანადგურა.

ფინალი კი ბრწყინვალე სანახავი გამოდგა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, სლოვენიამ მეორე პერიოდში მეტოქის დაჩაგვრა მოახერხა, კომფორტული სხვაობის მოპოვება შეძლო და ტაიმი 56:47 მოიგო.

სერბეთმა მესამე პერიოდი უკეთესად ჩაატარა და უკანასკნელი მონაკვეთის წინ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა, ხოლო მეოთხე პერიოდის შუაში სულაც დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის ბოლოს ტრავმა მიიღო სლოვენიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა და თამაშის გაგრძლება ვერ მოახერხა. მისმა გამოკლებამ სლოვენიელები დააბნია, რითაც სერბებმა ისარგებლეს და წინაც გავიდნენ. თანაც, შეხვედრის ბოლო მეოთხედში თამაში აღარ წაუვიდა გორან დრაგიჩს, რომელიც ბოლო წუთებში იგორ კოკოშკოვმა შეცვალა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სლოვენიელებმა საჭირო ძალები გამონახეს, შეხვედრის უკანასკნელი წუთები უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და საბოლოო ჯამში 8-ქულიანი სხვაობით 93:85 იმარჯვეს. ევროპას დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს!

ამრიგად, იგორ კოკოშკოვმა, რომელიც შვიდი წლის განმალობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სლოვენია კონტინენტის საუკეთესო გუნდი პირველად გახადა.

შეხვედრის და მთლიანად ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გორან დრაგიჩია, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში საკუთარ გუნდს 28:21 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა კლემენ პრეპელიჩმა, ლუკა დონჩიჩმა 8 ქულას, 7 მოხსნას, 2 გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 ბლოკს მოუყარა თავი, ხოლო ენტონი რენდოლფს 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 ბლოკი ჰქონდა.

სერბეთიდან საუკეთესო რა თქმა უნდა ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. 18 ქულით, 5 მოხსნით, 3 გადაცემით და 1 ჩაჭრით გამოირჩა მილან მაჩვანი.

სლოვენია – სერბეთი 93:85 (20:22; 36:25; 15:20; 22:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117568