სხვა

22:33 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

Red Bull GerGetIt 2017 და უყურადღებოდ დარჩენილი მედია

16 სექტემბერს სტეფანწმინდაში, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, Red Bull GerGetIt ესტაფეტური გუნდური შეჯიბრი ჩატარდა.

Red Bull GerGetIt 2017 წლის შეჯიბრში 12 გუნდი მონაწილეობდა, მათგან ორი აზერბაიჯანიდან, ხოლო ერთი სომხეთიდან გახლდათ.

ესტაფეტური შეჯიბრი ოთხ დისციპლინას აერთიანებდა: კაიაკი, მეკლდეურობა, სამთო ველორბოლა და სამთო სირბილი.

ესტაფეტამ სტარტი სოფელ ყანობში აიღო და კაიაკიში მონაწილეებს საკმაოდ რთული წინაღობების გადალახვა მოუხდათ. კაიაკელებს მდინარე თერგის 8-კილომეტრიანი მანძილის გავლა მოუწიათ, რომელიც Class III + სირთულის გახლდათ.

საუკეთესო შედეგი კაიაკიში ემირ ერტეკმა აჩვენა, რომელმაც 8-კილომეტრიანი დისტანცია 30 წუთსა და 16 წამში გაიარა.

აღნიშნულ სპორტის სახეობაში გამოვლინდა 3 გამარჯვებული და ესენი გახლდნენ:

III ადგილი – ბენჟამინ კირნი

II ადგილი – მერაბ გუკასიანი

I ადგილი – ემირ ერტეკი, რომელსაც 500-ლარიანი პრიზი გადაეცა.

კაიაკიში მონაწილეები სათავიდან 3-3 წუთის სხვაობით იღებდნენ სტარტს.

მეორე დისციპლინა გახლდათ მეკლდეურობა, რომელიც სოფელ ფანშეტში, მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კლდეზე გაიმართა. მონაწილეებს მოუწიათ 30 მეტრის სიმაღლეზე ასვლა, რომლის სირთულეც 5C, 5b+ იყო.

III ადგილი – ირაკლი ფიფინაშვილი

II ადგილი – რანს საქიმფანოვი

I ადგილი – გოგა ჩარტოლანი, რომელსაც ასევე 500-ლარიანი პრიზი გადაეცა.

მესამე დისციპლინა – სამთო ველორბოლა, რომელიც “ქროს სანთარის” ტიპის გზაზე მოეწყო. ბოლიკის სიგრძე 9,4 კილომეტრი გახლდათ და აქიდან აღმართის მონაკვეთის სიგრძე 2,8 კმ. ასევე გამოვლინდა 3 ყველაზე სწრაფი მონაწილე.

III ადგილი – ორჰან მამედოვი

II ადგილი – გიორგი მაღრაძე

I ადგილი – ლაშა წიკლაური – პრიზი 500 ლარი.

ბოლო, მეოთხე დისციპლინა იყო სამთო სირბილი, რომლის სიგრძე 7,2 კილომეტრი გახლდათ, აქედან აღმართის მონაკვეთი 4 კმ.

III ადგილი – ირაკლი ღუდუშაური

II ადგილი – გიგა გულიაშვილი

I ადგილი – გიგა შეყრილიძე – პრიზი 500 ლარი.

რაც შეეხება გუნდურს – სამი საუკეთესო გუნდი სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა. აქვე გთავაზობთ სამივეს:

III ადგილი – მათუ სანტო – 1000 ლარი

II ადგილი – ვიტამინი ველი – 2000 ლარი

I ადგილი – ბაიკ ჰაუს – 3000 ლარი.

ღონისძიების დროის დათვლასა და პრიზიორების გამოვლენას გერმანული კომპანია DATACAPO უზრუნველყოფდა.

აქვე ორიოდე სიტყვას გეტყვით პროექტის ორგანიზატორებზეც, რომლებმაც თბილისიდან 16 სექტემბერს, დილის 7 საათზე ჟურნალისტთა 20-კაციანი ჯგუფი ყაზბეგის მიმართულებით წაიყვანა. დღის განმავლობაში Red Bull-მა უზრუნველყო შიდა გადაადგილებაც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტებს ამ ღონისძიებაზე ყველაზე ნაკლები ყურადღება ერგოთ. აკრედიტირების დროს დაგვირიგდა 2 Red Bull-ისა და 2 წყლის ვაუჩერი, რომლის განაღდება, როგორც გავიგეთ, მხოლოდ საღამოს 7 საათის შემდგომ იყო შესაძლებელი, თუმცა ეს ფაქტი რა მოსატანია იმასთან, რომ ჟურნალისტებს დაჯილდოვების შემდგომ არცერთი გამარჯვებული არ ჩაუწერიათ, რადგან არ მოიძებნა ორგანიზატორი, რომელიც მინიმუმ ერთ გამარჯვებულს მაინც ჩაგვაწერინებდა.

არც After Party-ზე მოიძებნა ჟურნალისტებისთვის ადგილი. სიმართლე გითხრათ, ამით არც არაფერი დაგვკლებია, თუმცა ასეთი საქციელი ძალიან ბევრ კითხვას ჰბადებს. მსგავს ღონისძიებებზე არაერთხელ ვყოფილვარ, მათ შორის უმეტესობა სწორედ Red Bull-ის მიერ იყო ორგანიზებული და თავს უფლება მივეცი, ჩემი უკმაყოფილება გამომეხატა, იქნებ მომავალ ღონისძიებებზე ჩვენი კრიტიკა გაითვალისწინონ და მედიის წარმომადგენლებს მეტი ყურადღება დაუთმონ, რადგან სწორედ ჩვენი წყალობით ხდება მსგავსი ღონისძიებების გაშუქება და მაყურებლამდე ან მკითხველამდე ინფორმაციის მიტანა.

თეგებიRed Bull GerGetIt 2017
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.182529