ძიუდო

11:06 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ევროპულ პოდიუმზე ავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მარიბორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 17 წლის ტატო გრიგალაშვილი თავისზე უფროსებთან ევროკონკურენციაში პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა.

სამდღიანი ევროპირველობის პირველ დღეს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე, ვაჟთა და გოგონათა შორის საპრიზო სამეულები 4-4 წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით კი ტატამზე 9 ძიუდოისტი გავიდა.

ტატო გრიგალაშვილმა ძირითად ბადეში იტალიელი ლეონარდო კასალიას, ავსტრიელი კრისტოფერ ვაგნერისა და ბრიტანელი დანიელ პოუელის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში უფროსებს შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედალს კი შვეიცარიელ ნაიმ მეტთან გამარჯვებით დაეუფლა.

საქართველოს დროშის ქვეშ ჯაბა პაპინაშვილმა, ვანო ნინიაშვილმა (ორივე - 55 კგ), რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა, შალვა გაზაშვილმა (ორივე - 66 კგ), ნატალია ყიფშიძემ (52 კგ), მზია ბებოშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმაც (ორივე - 57 კგ) იჭიდავეს, მაგრამ პოდიუმს მიღმა დარჩნენ.

პაპინაშვილს მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - "ბრინჯაოს ფინალში” ფრანგ ტეო რაულ ჰებრარდთან დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. ვანო ნინიაშვილმა კი მე-7 ადგილი დაიკავა.

დღეს ინდივიდუალურ პირველობაზე მედლების დარჩენილი 8 კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ლუკა მაისურაძე (81 კგ), ნიკა სიდამონიძე (90 კგ), გელა ზაალიშვილი, ამირან წიქორიძე (ორივე - +100 კგ) და სალომე მჭედლიშვილი (63 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114113