ფეხბურთი

16:52 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და დღევანდელი კვერცხი

ვეცდებით, ცოტა შიგნიდან დავწეროთ იმ პრობლემაზე, რასაც ბავშვთა თუ ჭაბუკთა ფეხბურთი ჰქვია. რა პრობლემებს აწყდება ბავშვი საქართველოში ფეხბურთელად ჩამოყალიბების გზაზე, რა დაბრკოლებები უნდა გაიაროს.

რა თქმა უნდა, ზოგს სულ ეკლები ეჩხირება და იძულებულია ასიდან ერთი ბოძებული შანსი გამოიყენოს, ზოგსაც ვარდით მოფენილი გზა აქვს. ეს უკვე გააჩნია, რა თვალით შემოგხედავს მწვრთნელი, გააჩნია ჯანმრთელობას და გააჩნია კიდევ რაღაც-რაღაცეებს, რაზეც დავწერთ კიდეც.

წინა წლებთან შედარებით, მასობრიობამ ძალიან არა, მაგრამ მაინც იმატა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგად შეფუთა ელიტ-ლიგა და 15, 17 და 19 წლამდელთა ლიგები. ადრე ისე ხდებოდა, "ლოკომოტივში", "საბურთალოში", ან "დინამოში" თუ ვერ მოხვდებოდი, ფაქტობრივად, პერსპექტივა აღარ ჩანდა, სხვა გუნდები დაშლის პირას იყვნენ და ბავშვებს ვერ უვლიდნენ.

ახლაც ვიცით, 17 წლის ჭაბუკებს ფულს ახდევინებენ გუნდში ყოფნის სანაცვლოდ. სადაც მყარი ფინანსური საფუძველი არაა კლუბისა, ასე ირჩენენ თავს. ისე, სიმართლე რომ ითქვას, როცა ამ ასაკის ფეხბურთელს ფულს ახდევინებ, ე.ი. არ გჭირდება, მისგან მხოლოდ სარჩოს ელი და თავად ჭაბუკი (ან მისი მშონელი) უნდა მიხვდეს და გაერიდოს იმ კლუბს.

ცალკე შესაქებია "ზესტაფონი", რომელიც 17-წლამდე ლიგაში პირველ ადგილზეა და დიდი შანსია, ჩემპიონი გახდეს. მართალია, ამ ასაკში "ლოკოს" და "დინამოს" საუკეთესო გუნდები არ გამოჰყავთ და პატარებზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ მაინც, ზესტაფონელთა გარჯა დასაფასებელია. კარგი გუნდი ჰყავს "სამტრედიასაც".

კარგი წამოწყებაა თუნდაც რეგიონთა თასი 13-წლამდელებს შორის, რომელიც შარშან პირველად ჩატარდა და წლეულს უკვე ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება.

პრობლემას ბევრი რამ ქმნის: რაც კი ნორმალური აკადემია, ან კარგი გუნდია, სულ თბილისის დასავლეთ ნაწილშია. დიღმის მასივი, საბურთალოს ტერიტორია - ფაქტობრივად, ამ ორ უბანშია ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის "მექა". არ ვგულისხმობ საკმაოდ ძლიერ "ლოკომოტივს", რომელიც თბილისს გარეთ, საგურამოშია.

პრობლემაა ტრანსპორტირება. როგორია, ბავშვი ატარო ვარკეთილიდან, მოსკოვის გამზირიდან, ფონიჭალიდან. ამიტომაც, იქ მცხოვრებთა უმრავლესობა იძულებულია, სადმე ეზოს გუნდში მიიყვანოს შვილი.

სარჩო

ბევრ მწვრთნელს ეტყობა, რომ მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობს და ზამთარ-ზაფხულს შეკრებებს ელოდება. ამ მწვრთნელებს "სბორის ტრენერებს" ეძახიან. ვინ უბიძგებს ამ მწვრთნელებს? ხელმძღვანელობა, რომელიც როგორც წესი, ყველაფერს განაგებს.

საქართველოში და ზოგადად ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყნებში ხომ უფრო მკაფიოდ იგრძნობა: ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.

შეკრება განა ცუდია?! გარემოს იცვლის ბავშვი და თანაგუნდელებს ეჩვევა. თუმცა ზოგჯერ ისეთ თანხას ითხოვენ, რაც არარეალურია და საშუალო შეძლების მქონე ოჯახი ვერ გადაიხდის. და რა უნდა ქნა ამ დროს? რჩება ბავშვი სახლში, ცრემლებს გულში იხრჩობს. მეორე მომენტია: იციან ქართველი მამისა და დედის ფსიქოლოგია - შვილის გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ლუკმა-პურს მოიკლებენ.

"მე გავზარდე"

არაერთი კარგი მწვრთნელია. გაგვიგია, ბავშვს როცა ტრავმა აწუხებს, მწვრთნელი ყოველდღიურად ურეკავს მას, ამშვიდებს, ამხნევებს. ყურადღება მწვრთნელის საოცარი თვისებაა, რადგან აგრძნობინებს თავის შეგირდს, რომ არა მხოლოდ დღეში ორი საათით არის მისი დამრიგებელი, არამედ ცხოვრებაშიც გვერდში უდგას.

თუმცა არიან ისეთებიც, ტყუილში რომ ატარებენ კარიერას და მხოლოდ თავის წარმოჩენაზე არიან; რომ თავად არიან თურმე პროფესიონალები და ბავშვები (თუ ჭაბუკები) მის დონეს ვერ მიჰყვებიან.

ერთმა კაცმა, რომელიც ეზოში თავისთვის ავარჯიშებდა ბიჭებს და სარჩოს აქედან შოულობდა (შოულობს) თქვა, გიორგი არაბიძე მე გავზარდეო. არადა, ტყუილი აღმოჩნდა, რადგან რომ გამოვკითხეთ, მისი ასაკიც კი არ იცოდა. რა აზრი აქვს ასეთებთან საუბარს?! სიმართლე გითხრათ, მისი არც სახელი ვიცით, არც გვარი. ზოგმა გიორგი ჩაკვეტაძე "გაზარდა", ზოგმა ვინ, ზოგმა ვინ...

ხშირად მოისმენთ საუბარს. ერთი მწვრთნელი ეუბნება მეორეს – ნახე, რა მაგარი ბიჭი დადგა? მეორეც თავს უქნევს, ჰო, ჩემთან რომ მოიყვანეს, რას ჰგავდა, აზრზე არ იყო.

ჩემი და სხვისი

იკითხავთ, რომელ სფეროში არ ხდება მსგავსი ამბებიო? რომ ხდება და ცუდია, ამას ვჩივით. კაცის ენას ბევრის გაფუჭება შეუძლია, მოზარდთან მიმართებაში კი ეს ორმაგი დანაშაულია. დავუშვათ, რომელიმე გუნდიდან წავიდა ესა თუ ის ფეხბურთელი და ამ დროს ხმებს ავრცელებენ, რომ გამოაგდეს.

ჩემიანი-შენიანი, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა. მაგრამ ეს ხომ ის საკითხია, რომელსაც ვერ დაამტკიცებ?! მწვრთნელს A ურჩევნია B-ს, მორჩა და გათავდა. ოღონდ არის შემთხვევები, როცა გადაწყვეტილება აშკარად ყვირის... შესაძლოა, პირში არავინ უთხრას ამა თუ იმ მწვრთნელს, მაგრამ სახელი უფუჭდება, უკვე სხვაგვარად უყურებენ.

მეტი კონტროლია საჭირო ზემოდან, რათა ასეთი მახინჯი ფორმები აღმოიფხვრას. ტარდება სამედიცინო შემოწმებები, “იო იო ტესტები” გამძლეობა-აღდგენაზე და ასე შემდეგ, რაც იმას ნამდვილად არ აჩვენებს, ვინ უფრო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ იმას კი ცხადყოფს, თუ ვინ როგორ არის მომზადებული.

საკუთარ წვენში

ბევრი ქართველი ისე იზრდება ფეხბურთელად, არანაირი საერთაშორისო გამოცდილება არ აქვს. რატომ? იმიტომ, რომ მის კლუბს ფული არ ჰქონდა უცხოურ ტურნირზე გუნდის გასაგზავნად, ან ჰქონდა და ვერ იმეტებდა. არის გამონაკლისები, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ - ზღვაში წვეთია.

უცხოელები დადიან. სამი წლის წინ ყაზახეთის მოზარდთა გუნდი იყო ჩამოსული თბილისის ტურნირზე და მათი მწვრთნელისგან ვიცით, წელიწადში დაახლოებით ოთხი-ხუთი გასვლა გვაქვს უცხოეთშიო.

ასეთ დროს მისწრებაა ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი 16-წლამდელებს შორის, რომელიც თბილისის "დინამოს" ინივიატივით შარშან პირველად ჩატარდა და ტრადიციული სახე მიეცა. თუმცა ეს მხოლოდ ერთ ასაკშია და ქართული გუნდებიდან წლეულს მხოლოდ დინამოელებმა ითამაშეს. შარშან იყო “ლოკომოტივი”, ესაა და ეს.

ორიოდე თვის წინ ასეთ საუბარს შევესწარით. 16 წლის ბიჭები იყვნენ. ჩვენი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატები არიან. ვინც ასაკობრივ ჯგუფებში ჩახედულია, მათი გვარები თითქმის ყველამ იცის. ანუ, ბიჭები გასართობად არ დადიან ფეხბურთზე. როცა მათ ვკითხეთ, უცხოელების წინააღმდეგ როდესმე თუ უთამაშიათ. არაო, გვიპასუხეს.

ხელოვნური

ამ თემაზე იმდენჯერ დაწერილა, წიგნადაც აიკინძებოდა. ხელოვნურ საფარსაც გააჩნია. ზოგან ლამის პირდაპირ ბეტონზე თამაშობ და ხერხემალს თუ კოჭს დიდ დარტყმას აყენებ. აკი, ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე გავრცელებული ტრავმები სწორედ ხერხემალსა და კოჭს უკავშირდება.

ექიმებისგან რაც გვსმენია, არ შეიძლება ხშირი მონაცვლეობა, ანუ ხან ხელოვნურზე და ხან ბუნებრივზე თამაში. ეს ხშირად იწვევს "შლატერს", რომელიც ბუასავით არის ჩვენი მოზარდი ფეხბურთელებისთვის და ბედნიერები არიან, რომლებიც ამ პრობლემას ასცდნენ.

საბედნიეროდ, არიან ექიმები, რომლებსაც კარგი კვალიფიკაცია გააჩნიათ. მათგან კეთილ რჩევას მოისმენ და თუ რაიმე შეუძლიათ, არ დაგზარდებიან.

ცდუნებები

დღეს ქართული ფეხბურთის გასაჭირზე რომ დაიწყებენ საუბარს, მაშინვე ახსენებენ - "მანქანას იყიდიან, ღამის კლუბში გაივლიან და კარგად იყავი, ფეხბურთო".

გარკვეულწილად ასეა. სამწუხაროდ, მართლაც ბევრია ისეთი მოზარდი, ფეხბურთზე რომ დადის და ფეხბურთით არ ცხოვრობს. რამდენიმესგან ისიც გაგვიგია, ვარჯიშზე წასვლა ეზარება და ყოველთვის გვიკვირდა - ვინ აძალებს? უნდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, ოღონდ ოფლდაუღვრელად. იოლად უნდათ მიიღონ ის, რაც დიდი შრომის ფასად მოდის.

Facebook და Instagram, ძილის არანორმალური რეჟიმი – ცუდია, ბევრი ჭაბუკის წინსვლა ჩერდება ამის გამო.

მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ - ყველა ასეთი ხომ არ არის?! ღმერთმა დაგვიფაროს. არიან რეჟიმის დამცველი, ფეხბურთზე თავგადაკლული ბიჭები და გვერწმუნეთ, არცთუ ცოტანი. ასეთი უფრო მეტს აღწევს, ვიდრე "ნიჭიერი და ზარმაცი". ეს “ნიჭიერი და ზარმაცი” იმდენი მოგვიგროვდა, გვეყოფა, ამდენს აღარ ვჭამთ. შრომა ყველაზე დიდი ნიჭია.

კონკურენციამ იმატა, მაგრამ მეტია საჭირო

ფეხბურთელი რომ გაიზარდოს, სჭირდება კონკურენტუნარიანი გარემო. ზემოთ დავწერეთ, რომ შედარებით იმატა გუნდების რაოდენობამ. ეს კარგია, მაგრამ მაინც ჩანს ხიდჩატეხილობა - ორნიშნა ანგარიშით მოგებები. შარშანწინდელ 15-წლამდელთა ლიგაში მეოთხეადგილოსანმა მეხუთეადგილოსანს 30 ქულით გაუსწრო.

ასაკობრივ ნაკრებებში ვერ ხვდებიან რაიონის გუნდების ჭაბუკები, ან თუ ხვდებიან კანტი-კუნტად. ეს გულისწყრომას იწვევს. ახლა დავსვათ კითხვა: რატომ უნდა მოხვდნენ ნაკრებში ფეხბურთელები, ერთი წლით პატარებთან დიდი ანგარიშით რომ აგებენ? ხელოვნურად გამოძახება არაფერს უშველის, თავის მოტყუება და ძლიერის დაჩაგვრა გამოვა. ხელოვნურად კი არა, რაიონებში უფრო აქტიურად დასაწყებია მუშაობა, რომ სხვაგან არ გაექცეთ ტალანტი.

"დინამოში", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივში" საკმაოდ არიან რაიონიდან ჩამოსული ბიჭები, ოღონდ მესამე-მეოთხეკლასელები ჩამოდიან, ან უფრო პატარები. თბილისურ გუნდებში მოსამზადებლად უკეთესი პირობებია.

მატყუარა ნიჭი

ნიჭიერები გვყავს და გვეყოლება. 17-წლამდელებში გავსულვართ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, 19-წლამდელებშიც რვა საუკეთესოს შორის ვიყავით. ეს ჰარი-ჰარალოზე არ მომხდარა.

გაიგონებთ, ქართველ ბავშვებს კაცის მოტყუებას უშლიანო. ყველაფერი შედარებითია, ზედმეტად ბურთის თრევას და ეგოისტობას რომ აქედანვე გადააჩვიო, ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ აკრძალვა და ჟანდარმივით თავზე წამოდგომაც არასწორია. ორივე კატეგორიის ბიჭები გვინახავს - "მიიღე-გაეცი"-ს მეტი რომ არაფერი იციან და კიდევ, პასი რომ ამოღებული აქვს ცნობიერებიდან. უფრო მეორე კატეგორია სჭარბობს.

სწორედ ამიტომ არსებობს მწვრთნელი, რომ ბავშვისგან საუკეთესო თვისებები ამოკრიფოს, მაქსიმალურად გამოამჟღავნებინოს, არც ბურთის დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს და არც დაპროგრამებული იყოს. არიან ასეთები ბავშვთა და ჭაბუკთა შორის. გენი არსად გამქრალა.

სელექცია თითქმის ნულზე

არიან ადამიანები, რომლებიც სისტემატურად ესწრებიან სხვადასხვა გუნდების თამაშებს. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც დადიოდნენ, მაგრამ ცოტანი, ერთი და იგივე სახეებს დაინახავდი. ნუთუ, არ უნდა გაინტერესებდეს, როგორ თამაშობენ ევროპის საუკეთესო ნაკრებები?

მაგრამ ახლა რასაც მოვყვებით, სელექციას ეხება, უფრო სწორად, სელექციის არქონას. ამ საკითხს ადრე ცალკე სტატია მივუძღვენით, მაგრამ გამეორება არაფერს შეუშლის ხელს. ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბის გარდა, სელექცია არავის აქვს, ყველას სჭირდება მზამზარეული კადრი.

რისთვის შეიქმნა მესამე და მეოთხე ლიგები? ვინც ჯერ პატარაა და უმაღლესი ლიგის კლუბში ვერ ხვდება, იქ ითამაშოს. მაგრამ არც იქ სჭირდებათ, იმიტომ რომ ისევ 25-26 წლის ჯანიან ფეხბურთელს არჩევენ. ჰგონია, რომ ის უფრო მოაგებინებს თამაშს. კი ბატონო, შეიძლება დღეს მოაგებინოს, მაგრამ რატომ არ უყურებენ პერსპექტივას? პატარა ბიჭი რომ ხელში ჩაგივარდეს და გაზარდო, მერე ვინ იცის, რა თანხას გაშოვნინებს.

თუმცა სადაა სელექცია. მზამზარეული უნდათ. დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს.

0.113646