ავტოსპორტი

23:51 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ მზადაა 2021 წლიდან საკუთარ ძრავებზე გადავიდეს

„მაკლარენი“ აცხადებს, რომ ახალი რეგლამენტის შემოღების შემდეგ, რომელიც 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ფორმულა 1-ში საკუთარი ძრავებით ასპარეზობის შესაძლებლობას განიხილავს. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასები ახლანდელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდება.

ამჟამად უოკინგელების მთავარი ამოცანა, „ჰონდასთან“ ურთიერთობის გაწყვეტა და „რენოს“ ძრავებზე გადასვლაა. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, ფ1-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდს სხვა შესაძლებლობებიც გაუჩნდება. მათ შორის შესაძლოა იყოს „პორშესთან“ პარტნიორობა - გერმანული კომპანიაც დასაბრუნებლად ახალ რეგლამენტს ელოდება.

იტალიის დიდი პრიზის დღეებში, „მაკლარენის“ შეფმა ზაკ ბრაუნმა განაცხადა, რომ ძრავების ახალ რეგლამენტს, დიდი პრიზების ცირკში ძალთა განლაგების რადიკალურად შეცვლა შეუძლია.

„ჩვენ გვაინტერესებს, როგორი იქნება ახალი რეგლამენტი. შეიძლება ძრავები ჩვენვე გავაკეთოთ, ან იქნებ სხვებმაც დაიწყონ ძრავების მიწოდება. ამჟამად ჩვენ მომდევნო სამ სეზონზე ვართ ფოკუსირებულნი. როგორც კი ამ რამე კონკრეტული გამოიკვეთება, ჩვენ ამაზეც დავფიქრდებით. ვფიქრობ, ახალი რეგლამენტის შემოღების შემდეგ, ფ1-ში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. დაწესდება ბიუჯეტების ჭერი, მოგების განაწილების ახალი პრინციპი. და რა ტქმა უნდა, მივიღებთ ძრავების ახალ რეგლამენტს“, - ამბობს ბრაუნი და დასძენს, რომ როცა ამდენი რამ იცვლება, გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება.

ბრაუნი ასევე ამბობს, რომ ფ1-ის საკუტარი ძრავების წარმოების დაწყებამდე, „მაკლარენმა“ ახალი რეგლამენტის მოთხოვნები კარგა ხნით ადრე უნდა იცოდეს: „ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ. გარდა ამისა, საკუთარი ძრავის წარმოებას სოლიდური თანხები დასჭირდება. ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ ვიცოდეთ ახალი წესების პლატფორმა, რა დაგვიჯდება ეს წამოწყება. ჩვენ მზად არ ვიქნებით იმისთვის, რომ ამ საქმეზე ასეულობით მილიონი დოლარი ვხარჯოთ, როგორც ახლაა. ახალი რეგლამენტი ჩვენთვის ეკონომიკურად გამართლებული უნდა იყოს“.

ბრაუნი ასევე თვლის, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი, ფორმულა 1-ში ძრავების დამოუკიდებელი მწარმოებლის მოსვლა იქნება, რომელიც კონკურენტუნარიანი აგრეგატის შექმნას შეძლებს. მისი აზრით, დიდი კომპანიების ფ1-ში ყოფნა შესანიშნავია, მაგრამ სპორტისთვის უკეთესი იქნება, თუ საქმეში დამოუკიდებელი კომპანიებიც ჩაერთვებიან. მთავარია, რომ მათი ძრავი კონკურენტუნარიანი იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122049