ფეხბურთი

0:40 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტიმ” “ლივერპული” გააცამტვერა

პრემიერლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” დაუხვდა და შავი დღე აყარა.

“ქალაქელები” რომ მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ეს ტაბლოზე ნათლად აისახა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ის თამაში აჩვენა, როგორსაც ამ გუნდისგან ელიან და “ეტიჰად სთედიუმზე” შეკრებილი პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ანგარიში 24-ე წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, რომელიც კევინ დე ბრუინმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, არგენტინელმა ფორვარდმა კი სიმონ მინოლე იოლად მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 37-ე წუთზე სადიო მანემ ედერსონს გაშლილი ფეხი ჩაარტყა, რის გამოც აფრიკელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მასპინძელთა კიპერი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა. აღნიშნული ინციდენტის გამო, პირველ ტაიმს რვა წუთი დაემატა და გაბრიელ ჟეზუსმა მე-6 დამატებულ წუთზე დე ბრუინის გადაცემით მინოლეს კარი მეორედ აიღო. მეორე ნახევარში 10 კაცით დარჩენილი “ლივერპული” საერთოდ მოიშალა და კიდევ სამი უპასუხო ბურთი გაუშვა: 53-ე წუთზე ჟეზუსმა დუბლი გაიფორმა, ხოლო შეხვედრის ბოლოს ასევე ორი გოლის გატანა მოახერხა შეცვლაზე შემოსულმა ლეროი სანემ – 5:0.

“არსენალი”, რომელიც გასულ ტურში “ლივერპულთან” შერცხვა (0:4) შინ “ბორნმუთს” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. დუბლით გამოირჩა დენი უელბეკი, ხოლო ერთი გოლი ალექსანდრე ლაკაზეტის ანგარიშზეა – 3:0.

ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ტოტენჰემმა”, რომელიც გასვლაზე “ევერტონს” დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლი 3 ქულა მოიპოვა. სტუმრებმა პირველივე ნახევარში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს: 28-ე წუთზე ჰარი კეინიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა მეორე ბურთი შეაგდო. შესვენებაზე რონალდ კუმანმა თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა და ორი შეცვლა განახორციელა, თუმცა ჰარი კეინმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე დუბლი გაიფორმა და ყველაფერი გადაწყვიტა – 0:3.

უკანასკნელი ორი სეზონის გამარჯვებული დაუპირისპირდა ერთმანეთს “კინგ პაუერ სთედიუმზე”, სადაც “ჩელსიმ” მასპინძელი “ლესტერის” დამარცხება მოახერხა. სტუმრები 41-ე წუთზე ალვარო მორატამ თავური დარტყმით დააწინაურა, ხოლო 50-ე წუთზე ნ’გოლო კანტემ შორეული დარტყმით ყოფილი გუნდი დაამწუხრა. მასპინძელთგან პრესტიჟის გოლის გატანა ჯეიმი ვარდიმ შეძლო, რომელმაც 62-ე წუთზე პენალტი დაარტყა ზუსტად - 1:2.

პირველი ქულები დაკარგა “მანჩეტერ იუნაიტედმა”, რომელიც გასვლაზე “სტოკს” დაუზავდა. ანგარიში 43-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა გახსნა, თუმცა მარკუს რეშფორდმა სამ წუთში გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. 57-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ უკვე “წითელი ეშმაკები” დააწინაურა, ხოლო 63-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა “ბრაიტონმა”, რომელმაც შინ “ვესტ ბრომვიჩს” სძლია, ხოლო “უოტფორდმა” გასვლაზე “საუთჰემპტონს” სძლია.

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 აგუერო (24), 2:0, 3:0 ჟეზუსი (45+6; 53), 4:0, 5:0 სანე (77; 91)
გაძევება: მანე (37 ლ.)

არსენალი – ბორნმუთი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0, 3:0 უელბეკი (6; 50), 2:0 ლაკაზეტი (27)

ბრაიტონი – ვესტ ბრომვიჩი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 გროსი (45; 48), 3:0 ჰემედი (63), 3:1 მორისონი (77)

ევერტონი – ტოტენჰემი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1, 0:3 კეინი (28; 46), 0:2 ერიკსენი (42)

ლესტერი – ჩელსი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მორატა (41), 0:2 კანტე (50), 1:2 ვარდი (62 პენ.)

საუთჰემპტონი – უოტფორდი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 დაკური (38), 0:2 ჯანმაატი (66)

სტოკი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:2 (1:1)

გოლები: 1:0, 2:2 ჩუპო-მოტინგი (43; 63), 1:1 რეშფორდი (45+1), 1:2 ლუკაკუ (57)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114016