ავტოსპორტი

0:33 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს საინსი „რენოში“ გადადის

გამოცემა „მოტორსპორტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კარლოს საინს უმცროსმა კონტრაქტი გააფორმა „რენოს“ ფ1-ის გუნდთან, სადაც ჯოლიონ პალმერს შეცვლის. იმავდროულად, „ტორო როსომ“ კონტრაქტი გააფორმა „ჰონდასთან“, რომლისგანაც მომავალ სეზონში ძრავებს მიიღებს. ეს კი თავის მხრივ, „მაკლარენს“ ხელ-ფეხს უხსნის იმისთვის, რომ იაპონური ძრავები ფრანგულით ჩაანაცვლოს.

მონცაზე, იტალიის დიდი პრიზის დღეებში, „მაკლარენს“ ინტენსიური მოლაპარაკება ჰქონდა „რენოსთან“, რომელსაც უკვე ჰყავდა ძრავების სამი მომხმარებელი გუნდი. ფრანგლი კომპანია იყო, „მაკლარენთან“ დაეჭირა საქმე, თუ რომელიმე კლიენტი გამოაკლდებოდა. აშკარა იყო, რომ ეს „ტორო როსო“ უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა ორი გუნდი საკუთრივ „რენო“ და „რედ ბული“ იყო, რომლის გაშვებაც ფრანგებს არ სურთ.

მოლაპარაკების დროს, „რენომ“ განაცხადა, რომ „მაკლარენთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად, გარკვეული შეღავათები სჭირდებოდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ფრანგულ გუნდს საინსის აყვანა სურდა. არაა გამორიცხული, რომ საინსი „რენოში“ ამ სეზონშივე გადავიდეს და ეს მალაიზიის დიდ პრიზზე მოხდება. ამ შემთხვევაში, „ტორო როსოში“ მის ადგილს ფრანგი პიერ გასლი დაიკავებს. მომავალი სეზონიდან კი ამ ადგილზე „ჰონდას“ იაპონელი პროტეჟეს, ნობუჰარუ მაცუშიტას მიყვანა განიხილება. ოღონდ, ამ უკანასკნელს სუპერ ლიცენზიისთვის საჭირო ქულები ჯერ არ დაუგროვებია.

თუ „ტორო როსო“ იაპონურ ძრავებზე გადავა, ის „მაკლარენისგან“ ტრანსმისიასაც მიიღებს, რომელიც უკვე მორგებულია „ჰონდას“ ძრავზე და მის შემუშავებაზე იტალიური გუნდი დროს და რესურსს არ დაკარგავს. უოკინგელებს კი დიდი შანსი აქვთ, ფერნანდო ალონსო შეინარჩუნონ, რომელიც არ მალავს, რომ გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ „მაკლარენი“ კონკურენტუნარიან მანქანას მოუმზადებს.

იმავდროულად, საინსის „რენოში“ გადასვლა ამცირებს ფ1-ში რობერტ კუბიცას დაბრუნების შესაძლებლობას. პოლონელმა პილოტმა სწორედ ფრანგულ გუნდთან ერთად ჩაატარა ფ1-ის ტესტები და განიხილებოდა პალმერის ადგილზე მისი მიწვევის საკითხი. ახლა კი კუბიცას იმედად „უილიამსი“ რჩება, რომელსაც ფელიპე მასას ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და მას ალბათ აღარ გააგრძელებს.

0.113775