ფეხბურთი

17:30 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ყაზახეთთან 4:4 და ფინალი რუსეთთან

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში, "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფის ბოლო მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან 4:4 ითამაშა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები რვაგუნდიანი ტურნირის ფინალში გავიდნენ და 8 სექტემბერს, სავარაუდოდ, რუსეთს შეხვდებიან. მეორე ჯგუფში რუსეთია პირველ პოზიციაზე. ფინალური მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ჯგუფის წინა მატჩები ქართველებმა იოლად მოიგეს: ალბანეთთან 5:0 და ყირგიზთთან 7:1.

ყაზახებთან თამაშს რაც შეეხება, ასე სანერვიულოდ არ უნდა წასულიყო საქმე, რადგან ჩვენები პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდნენ და სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.

ჯერ ზურაბ დავითაშვილმა გაიტანა ცოტნე კაპანაძის გარღვევისა და პასის შემდეგ, ორ წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ შორიდან ძლიერი დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა. ტაიმის ბოლოს კვარაცხელია საჯარიმოში დაბალ პასს აკეთებდა და ყაზახმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ჩვენების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ გიორგი ნემსაძემ შესვენებისას სამი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა: მეკარე ლუკა ხარშილაძე, ცენტრალური მცველი შოთა ნონიკაშვილი და მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი.

მეორე ნახევარი ყაზახებმა აგრესიულად ჩაატარეს, ჯერ შორიდან გაიტანეს, მერე კი ორჯერ პენალტი გამოიყენეს... ამ ორ პენალტს შორის, ქართველებმაც გაიტანეს თერთმეტმეტრიანი: გიორგი გულიაშვილი წააქციეს, თეთრი ნიშნულიდან კი დავითაშვილმა ზუსტად დაარტყა. და მაინც, 70-ე წუთზე 4:4 გახდა - აშკარა თამაშგარე იყო, მაგრამ ყაზახთა გოლი მაინც ჩაითვალა.

არადა, სათამაშო კლასით ქართველები იმდენად აღემატებოდნენ მასპინძლებს, რომ აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. ბოლო წუთებშიც ნემსაძის გუნდი უფრო უტევდა და ყაზახებს მეტი შანსი არ მისცემიათ. საბოლოოდ, 4:4.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118696