ავტოსპორტი

4:55 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

„პორშე“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას აპირებს

„პორშე“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს. ოღონდ, მსოფლიო ჩემპიონატში მისი მონაწილეობა, მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის რანგით შემოიფარგლება. გერმანული კომპანიის დაინტერესებას, ძრავების ახალი, 2021 წლის რეგლამენტი იწვევს.

ამ საკითხის განსახილველად, „პორშეს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომპანიის ფინანსური შტოს შეფი ლუც მეშკე, როს ბრაუნს და ფ1-ის სხვა ხელმძღვანელობას მონცაზე, იტალიის დიდი პრიზის დღეებში შეხვდა.

როგორც ცნობილია, ამ სეზნს ბოლოს „პორშე“ ლე მანს და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს, რადგან კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს სერია ხარჯებით ფ1-ს უტოლდება, მაგრამ სანაცვლო მარკეტინგულ ხეირს ვერ ნახულობს. სამაგიეროდ, ცუფენჰაუზენელები 2019-20 სეზონიდან ფორმულა E-ს ჩემპიონატში ჩაერთვებიან.

რაც მთავარია, „პორშეს“ წარმომადგენლები ფ1-ის ძრავებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ აცდენენ და ახალი რეგლამენტის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობას ღებულობენ. ფ1 უფრო მარტივ და იაფ ძრავებზე გადასვლას გეგმავს და ეს შეხვედრებიც, ამ საქმით უშუალოდ დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ტარდება.

„ფ1 ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ადგილია. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია ფორმულა E, თუმცა ფ1 არის ისეთი რამ, რაც მხედველობაში ყოველთვის უნდა გქონდეს. და ჩვენ ახალ ძრავებთან დაკავშირებულ დისკუსიაში აქტიურად ვმონაწილეობთ“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა მეშკემ.

„პორშე“ ბოლოს ფ1-ში 1991 წელს იყო, როცა გუნდ „ფუტუორკთან“ მისი თანამშრომლობა კრახით დასრულდა. თუმცა წამოსვლის შემდეგაც, კომპანიას დიდი პრიზების ცირკთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ის ჩემპიონატს სოლიდურ თანხას უხდიდა, რის სანაცვლოდაც ფ1-ის ეტაპების მხარდამჭერ რბოლებად, „პორშეს“ სუპერკაპის ეტაპები ტარდებოდა.

ფორმულა 1-ში „პორშეს“ პოტენციურ პარტნიორებად „უილიამსი“ და „რედ ბული“ სახელდებიან. სხვათა შორის, ავსტრიულ კომპანიას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფთან ავტოსპორტში უკვე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობა. ეს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იყოს, სადაც „რედ ბულის“ სპონსორობით, გერმანული კომპანიის გუნდმა და მისმა ფრანგმა პილოტმა სებასტიან ოჟიემ, ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ ფ1-ში „პორშეს“ ყველაზე დიდი წარმატება „მაკლარენს“ უკავშირდება, რომელმაც გერმანული ძრავებით, რომელიც 1983-87 წლებში სამჯერ (ნიკი ლაუდამ და ორჯერ ალენ პროსტმა) მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11217