ჭიდაობა

10:49 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაო და კიდევ ოთხის მოლოდინი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ათენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კიდევ 4 ბრინჯაოსთვის იბრძვის. პოდიუმის მესამე საფეხურზე ბექა გურული (54 კგ) და ოთარ აბულაძე (63 კგ) ავიდნენ. გადამწყვეტ ბრძოლაში გურულმა წუთსა და 10 წამში, აშკარა უპირატესობით (8:0) სძლია მექსიკელ მიგელ ანხელ უგალდე აგიარს. აბულაძემ კი მხოლოდ 24 წამი იკმარა ყაზახი რახატ საგიმბაიევის დასამარცხებლად (9:0).

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - გიორგი შოთაძემაც (58 კგ) იჭიდავა, მაგრამ რეპეშაჟის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ სერგეი ჩიგირევთან დამარცხდა (4:5).

დღეს, ბერძნულ-რომაულში მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით კი საპრიზო სამეულში მოსახვედრად თემურ ხოზრევანიძე (46 კგ), დავით სოლოღაშვილი (69 კგ), გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) და ლუკა ზაქარიაძე (85 კგ) იჭიდავებენ.

ხოზრევანიძემ ძირითად ბადეში, საუდის არაბეთის ნაკრების წევრ ალი აზოაზის ძლევის (4:2) შემდეგ, მეოთხედფინალში უკრაინელ ვლადისლავ კუჟკოსთან წააგო (5:8) და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც უზბეკ საიდისლომ ტეშაბოევს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი "ბრინჯაოს ფინალში" მისი მეტოქე ყაზახი ნურზატ კაბდირახიმოვი იქნება.

სოლოღაშვილმა, ცოფურაშვილმა და ზაქარიაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგეს და შესაბამისად, საპრიზო სამეულს თითო გამარჯვება აშორებთ.

დავით სოლოღაშვილი ინდოელ აშუ აშუსთან დამარცხდა (2:3). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ მოლდოველი ალექსანდრინ გუტუ (8:7) და სომეხი სარგის ტადევოსიანი (11:1) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი ავსტრიელი ბერნარდ ბეგლესა და ყაზახ გალიმბეკ ნურგალიევს შორის მოგებულს დაეჭიდება.

გიორგი ცოფურაშვილმა ნახევარფინალამდე სამ მეტოქეს აჯობა: სომეხ დავით პოღოსიანს (1:1), ინდოელ დეპაკ დეპაკს (4:1) და პოლონელ სზიმონ სზიმონოვიჩს (9:0). ძირითად ბადეს უნგრელ იშტვან ტაკაშთან წაგებით (0:7) დაემშვიდობა და გადამწყვეტი შეხვედრისთვის მეტოქეს ელოდება.

ლუკა ზაქარიაძემ მსოფლიოს პირველობა მექსიკელი ლუის ალფრედო ლოპეს ვასკესის იოლად ძლევით (8:0) გახსნა. მერვედფინალში ყირგიზ დანიარ შერიმბეკოვს აჯობა (5:0), მეოთხედფინალში - უკრაინელ დავიდ შადტს (4:0). უმაღლესი ტიტულისკენ მიმავალი გზა კი რუსეთის ნაკრების წევრ მუხამად ევლოევთან მარცხით (4:7) ჩაეკეტა. მისი ბოლო მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში დიმიტრი ხაჩიძეც (42 კგ) ჩაება, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზევე დამარცხდა ბულგარეთის ნაკრების წევრ ედმუნდ არმენ ნაზარიანთან (4:6). წაგებიდან ცოტა ხანში კი ბრძოლის რეპეშაჟში გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ნაზარიანი მეოთხედფინალს ვერ გასცდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113967