ფეხბურთი

13:23 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეფასებები: გაორებული გრძნობა

ზედიზედ მესამე ფრე და მთლიანობაში მეხუთე ფრე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ეს, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო შედეგი ერთ-ორი გამარჯვებაც რომ გვქონდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავაც მოუგებელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, გაორებული გრძნობა გვიჩნდება: ვერ ვიგებთ, მაგრამ არც ვაგებთ...

და მაინც, ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, რთულია ვენაში ავსტრიის ნაკრების დამარცხება უცილობლივ მოსთხოვო დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს.

მწირი არჩევანი, ბევრი ტრავმირებული და ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი – ასეთ ფონზე ავსტრიასთან გასვლაზე ფრე, მართლაც კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს.

WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს “ერნს ჰაპელზე” გამართული მატჩიდან.

გიორგი მაკარიძე 7 – ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისი ისევ გიორგის ენდო და არც შემცდარა. მაკარიძემ რამდენჯერმე გარდაუვალი გოლისგან იხსნა საქართველოს ნაკრები. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჰქონდა საქმე. გაშვებულ გოლში კი, მისი ბრალეულობა ნულის ტოლია.

ოთარ კაკაბაძე 5.5 – კაკაბაძეს ურიგოდ არ უთამაშია. თუმცა, შეტევაში ჩართვებისთვის ვერ იცლიდა, რადგან დაცვაში ბევრი საქმე ჰქონდა. მარკო არნაუტოვიჩის წინააღმდეგ გამკლავება რიგ ეპიზოდებში უჭირდა და რამდენჯერმე ვერც მოახერხა. მთლიანობაში ცუდი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

სოლომონ კვირკველია 5.5 – თამამად შეიძლება ითქვას, რომ გოლი, რომელიც ავსტრიამ გაიტანა, ცენტრალური მცველების უყურადღებობით გავიდა. სწორედ კვირკველიას მოვალეობა იყო, მარტინ ჰარნიკის აყვანა, როცა ავსტრიელი ფორვარდი გოლის ეპიზოდში ურტყამდა. სხვა შემთხვევებში “ლოკომოტივის” უკანახაზელი ნორმალურად ირჯებოდა, მაგრამ გოლის დროს...

გურამ კაშია 5.5 – დაახლოებით იგივე ითქმის გურამ კაშიაზეც – ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მან გოლის ავტორის, შაუბის დაფარვა ვერ მოასწრო.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – ნავალოვსკიც შეცდა გოლის ეპიზოდში. ბურთი თავზე გადაევლო და ავსტრიელ შემტევს კარის გასწვრივ ადვილად ჩაწოდების საშუალება მიეცა. ამას გოლიც მოჰყვა.

ჯაბა კანკავა 5.5 – საქართველოს ნაკრებს კაპიტანი დაუბრუნდა. თუმცა, არცთუ ისე რიხიანად: პირველ ტაიმში ჯაბამ რბილად რომ ვთქვათ ცუდად ითამაშა. ეტყობოდა, რომ კარგა ხნის უთამაშებელია. მეორე ნახევარში უკეთ გაისარჯა. გოლის მომენტში კანკავას ხსენებაც შეიძლება, რადგან მცველების დაზღვევა ერთ-ერთი მისი მოვალეობა იყო.

ნიკა კვეკვესკირი 6 – კვეკვესკირი ტრადიციულად ნაკრების თამაშის მთავარი წარმმართველი და დაცვიდან ბურთის ამომტანი იყო. ისე ფეერიულად ვერ ითამაშა, როგორც ირლანდიასთან, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ირჯებოდა რიგ ეპიზოდებში.

ვაკო გვილია 6.5 – საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა და თანაც, როგორი? – ეფექტური, ევროგოლი. კომბინაცია ჯანო ანანიძესთან და უმაღლესი დონის შესრულება გადამწყვეტი დარტყმის ჩათვლით. მეორე ტაიმში ცოტა დაღლა დაეტყო, რაც ალბათ კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობიდან გამომდინარეობდა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 – ყაზაიშვილისგან მეტს ველით, მეტიც შეუძლია. ეს არ ყოფილა ვაკოს საუკეთესო შეხვედრა, ცალსახაა.

გიორგი ქვილითაია 6 – გიორგი ტრადიციულად ბევრს იბრძოდა, მაგრამ მარტოს უჭირდა ავსტრიელ მცველებთან გამკლავება. ძირითადად უბურთოდ ყოფნამ კი, მის თამაშში ბუნებრივია, ეფექტური შტრიხები ვერ შეიტანა.

ჯანო ანანიძე 6.5 – ზედიზედ მეორე მატჩი და მეორე საგოლე გადაცემა. ჯანომ გოლში უდიდესი წვლილი დაიდო. მეტოქის შეცდომით უმალვე ისარგებლა, ვაკო გვილიასთან ჩინებული კედელი გაითამაშა და მაშინ, როდესაც, თითქოს უკეთეს პოზიციაში მყოფ ქვილითაიასკენ იკითხებოდა პასი, გვილიას დაუბრუნა – მანაც დაუფასა. იყო მომენტები, როდესაც “სპარტაკის” შემტევი თითქოს “ჩაიკარგა”, მაგრამ მთლიანობაში ჯანო ერთ-ერთი გამორჩეული იყო საკუთარი გუნდის რიგებში.

გიორგი მერებაშვილი შ.გ – მერებაშვილმა ვაკო გვილია შეცვალა, მაგრამ განკუთვნილ 20 წუთში ბევრი ვერაფერი მოასწრო.

ვლადიმერ დვალიშვილი შ.გ – დვალიშვილი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო და შეფასებაც ძალიან რთულია.

დავით ხოჭოლავა შ.გ – ანალოგიურის თქმა შეგვიძლია დავით ხოჭოლავაზეც, რომელმაც მატჩის უკანასკნელ წუთებში დაცვის ხაზი გაამაგრა.

ვლადიმირ ვაისი 6 – ვერ ვიგებთ, მაგრამ არც ვაგებთ. შევთანხმდეთ, რომ ეს კარგი არაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს ავსტრიის ნაკრების დამარცხება მისსავე მოედანზე ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის აუცილებლად მოსათხოვი ვერ იქნებოდა. ერთი ეგაა, რომ სწრაფი გოლის შემდეგ გუნდმა დაცვისკენ ზედმეტად გაიხედა. ალბათ, ამ მონზახაზში სლოვაკი შეცდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა. გარდა ამისა, უკვე ყბადაღებულ თემად იქცა ცვლილებები – გიორგი არაბიძეს თამაშის საშუალება არ მიეცა და ამასთან, ბოლო ორი ცვლილება საკმაოდ დაუგვიანდა. თუმცა ვაისმა შიდა სამზარეულო რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ იცის და ალბათ, ფეხბურთელთა მომზადება სხვანაირად მოქცევის შანსს არ უტოვებდა. ფაქტია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრები თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120444