ფეხბურთი

19:50 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გივი კვარაცხელია: “ევროპაზე გასულ ლატვიასთან შედარებით, ჩვენ ბრაზილია ვართ, მაგრამ...”

დასრულდა საქართველოს ნაკრების მეშვიდე მატჩი მუნდიალის შესარჩევში. ჯერჯერობით, მოგების გარეშე ვართ, თუმცა კონკრეტულად ირლანდიასთან 1:1-მა უფრო დადებითი ემოციები დატოვა. მათი მწვრთნელი მარტინ ონილიც ამბობდა, ქართველებმა გვაჯობესო.

ჩვენი რესპონდენტი გივი კვარაცხელიაა. მან სამი წლის წინ დაასრულა კარიერა, ქალთა ფეხბურთში მწვრთნელად მუშაობს და A ლიცენზია აქვს. კვარაცხელიამ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ლატვიასა და ლიტვაში გაატარა, თუმცა საქართველოშიც კარგი სეზონები ჩაატარა, თბილისის “დინამოსა” და რუსთავის “მეტალურგში” ლიდერი გახლდათ.

- პირადად მე, ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრები მომწონს. თამაშის ხარისხით აშკარად ვხედავ პროგრესს წინა წლებთან შედარებით. შვიდი მატჩი ჩავატარეთ შესარჩევში და ერთადერთი თამაში, რომელიც ჩაგვივარდა, ეს იყო შინ მოლდოვასთან. სერბეთი, ირლანდია, უელსი, ავსტრია – ჩვენზე ძლიერი საფეხბურთო ქვეყნები არიან, მაგრამ თამაშის მიხედვით, ვერცერთმა ვერ გვაჯობა. პროგრესს ვხედავ და ვფიქრობ, ვაისს თუ დააცდიან, მომდევნო შესარჩევში უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.

- უფრო რომელ სათამაშო კომპონენტებში ხედავთ წინსვლას?

- არ მინდა, შედარება დავიწყო, მაგრამ ფეხბურთელებს წნეხი მოხსნილი აქვთ და გამართულად თამაშობენ. ადრე ასე არ ხდებოდა. შესაძლოა, უკეთესი ინდივიდუალისტები გვყავდა, მაგრამ ასეთი გამართული თამაში არ გამოდიოდა. მეტი იღბალი და ირლანდიას მინიმუმ ორი ბურთით მოვუგებდით. ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა გვქონდა, შეტევა შეტევაზე მიდიოდა და აი, სწორედ ასეთი თამაში დააბრუნებს ხალხს სტადიონზე. მესმის, შედეგი სასურველი არაა და ფრის გამო ცაში არ დავფრინავ, მაგრამ შედეგიც მოვა, როცა ასე გამართულად ითამაშებ.

- ანუ, რაც შესარჩევი დაიწყო, ვაისის გუნდი თამშიდან თამაშამდე უმატებს?

- ეს ჩანს. ვფიქრობ, ირლანდიასთან გუშინდელი მატჩი საუკეთესო იყო ბოლო წლებში ჩატარებული თამაშებიდან.

- საინტერესოა, რომ არ გვყავდა ჯაბა კანკავა, მაგრამ კონკრეტულად მოედნის ცენტრში კარგად ვმოქმედებდით. ამას როგორ ახსნით?

- აქცენტი გაკეთდა ბურთის კონტროლზე. რაც დავინახე, ვაისმა უპირველესად იზრუნა, რომ ირლანდიელებს სწრაფი კონტრშეტევები არ განეხორციელებინათ. ამიტომაც, ჩვენგან აგრესიული შეტევები ნაკლებად იყო. რაც შეეხება კანკავას, რა თქმა უნდა, შეუცვლელი ფეხბურთელია, მაგრამ კონკრეტულად ირლანდიასთან მისი არყოფნა არ დაგვტყობია. მითუმეტეს, კლუბში უთამაშებელი ფეხბურთელები გვყავდა. ჯანო ანანიძემ, ნიკა კვეკვესკირმა და ვაკო გვილიამაც კარგად ითამაშეს.

- დაცვა: სოლომონ კვერკველია-გურამ კაშიას დუეტზე რას იტყვით? ბოლოს სწორედ ცენტრალურ მცველად თამაშობდით და საინტერესოა თქვენი აზრი...

- ორივე მათგანი მაღალი კლასის მცველია. ჩემი აზრია და ბევრი დამეთანხმება, რომ გუნდის შენება დაცვიდან იწყება. კვირკველიაზე ვიტყოდი, რომ ინგლისის პრემიერლიგის ნებისმიერ გრანდში მაგრად ითამაშებდა. ექვსი წამყვანი კლუბი რომ არის, ექვსივეს გამოადგებოდა. ირლანდიასთან ორივენი უშეცდომოდ იყვნენ.

- ავსტრიასთან მატჩი გველის. როგორ ფიქრობთ, იგივე სათამაშო მოდელით უნდა ვითამაშოთ, როგორც ირლანდიასთან?

- ეს უკვე ვაისის გადასაწყვეტია, მაგრამ მგონია, რომ სასტარტო შემადგენლობა ცოტა შეცვლილი იქნება. რატომ? რაც უნდა იყოს, სამ დღეში ორი თამაში იოლი არაა, მითუმეტეს, როცა კლუბში პრაქტიკა არ გაქვს. ვფიქრობ, ირლანდია ამ ეტაპზე ავსტრიაზე ძლიერია და ეს იმედს მაძლევს, რომ ვენაში კარგ შედეგს მივაღწევთ. მახსოვს ავსტრიასთან თბილისში არ უნდა წაგვეგო.

- და მაინც, შედეგის მისაღწევად გვაკლდება რაღაც. სერბეთისა და ირლანდიის მწვრთნელებმა თქვეს, საქართველოს მეტი ქულა უნდა ჰქონდესო, ოღონდ ფაქტია, არ გვაქვს.

- თამაშებს თუ გადავხედავთ, მომენტების გამოყენება გვიჭირს. გავიხსენებ ლატვიის ნაკრებს, რომელიც 2000 წელს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს დიდი სენსაცია იყო. არაფრით გამორჩეული ნაკრები არ იყო, უბრალოდ, წინ ჰყავდათ მარის ვერპაკოვსკისი, რომელიც ერთ მცირე შანსსაც იყენებდა. თამაშით რომ შეგედარებინა, მაშინდელ ლატვიასთან დღევანდელი საქართველოს ნაკრები ბრაზილიაა, მაგრამ ორგანიზებული თამაში იცოდნენ და წარმოუდგენელი იღბალი ჰქონდათ. ვერპაკოვსკისიც მაგრად იყო მორგებული იმ ნაკრებს.

- აქვე, 21-წლამდელთა ნაკრებზეც. პოლონეთთან 0:3 – თამაშიც ძალიან სუსტი.

- ვფიქრობ, პოლონეთი არ არის იმ დონის ნაკრები, რომელთანაც თამაში შეუძლებელია. ასე არ უნდა წაგვეგო. საკადრო პრობლემებმა იჩინა თავი. არ იყვნენ ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი და სხვები. პირველ ტაიმში საგანგაშო არაფერი ხდებოდა, მერე კი მსაჯის შეცდომამაც იმოქმედა. ასეთი პენალტები, როგორც წესი, არ ინიშნება. ვფიქრობ, 21-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩებში გამოასწორებს თამაშს.

0.112624