ძიუდო

16:41 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დანერგილმა ახალმა სისტემამ საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე უმედლოდ დატოვა. მამაკაცთა და ქალთა შერეული გუნდების შეჯიბრებაში, ქართველმა ძიუდოისტებმა 21 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ხორვატიასთან შეხვედრა ფრედ - 3:3 დაასრულა.

პირველი ტატამზე მარიამ ჯანაშვილი (57 კგ) გავიდა და ტეა ტოპოლოვეცთან ორი წარუმატებელი ბრუნის შემდეგ შებოჭვაზე მოჰყვა. ბუდაპეშტში მხოლოდ გუნდურ ჩემპიონატზე საჭიდაოდ ჩასულმა ლაშა გიუნაშვილმა (73 კგ) დინო შუმპარს იპონით მოუგო და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1. გიუნაშვილის მსგავსად, ინდივიდუალური პირველობა ესტერ სტამმა (70 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმაც (90 კგ) გამოტოვეს და ისინიც, მწვრთნელებმა გუნდურ განაცხადში შეიყვანეს.

სტამისა და ბარბარა მატიჩის დაპირისპირების ბედი ხორვატის მიერ შესრულებული ვაზარით გადაწყდა და ხორვატია ისევ დაწინაურდა - 1:2. ჭრიკიშვილმა კი დომინიკ დრუჟეტა გააკრა ბეჭებით ტატამს და წონასწორობა მეორედ აღადგინა.

ელენე ქებაძემ (+70 კგ) ივანა სუტალოსთან "ოქროს დროში”, შიდოთი წააგო და ანგარიში 2:3 გახდა.

მძიმეწონოსან მამაკაცთა დაპირისპირებაში კი ადამ ოქრუაშვილმა მარკო კუმრიჩი ორჯერ დააგდო ვაზარიზე, ბოლოს შებოჭა და დამატებითი მაჩვენებლის – თითოეული შეხვედრის ქულების გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპის საგზური ქართულმა ექვსეულმა მოიპოვა.

მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა და თითქმის უშანსოდ დამარცხდა. ქალთა ნაკრების წევრებმა თავიანთი ბრძოლები ისევ წააგეს. ჯანაშვილმა ანასტასია კონკინასთან, სტამმა – ალიონა პროკოპენკოსთან, ხოლო ქებაძემ – ანა გუშჩინასთან. რუსებმა საბოლოო გამარჯვება სწორედ მძიმეწონოსანი ქალების დაჭიდების შემდეგ გაინაღდეს, რადგან იქამდე ერთი ქულა კაცებშიც აეღოთ – ქართულ ექვსეულში გიუნაშვილის ნაცვლად შეყვანილმა ვაჟა მარგველაშვილმა ზელიმხან ოზდოევს ვერ აჯობა.

ჭრიკიშვილი მაგომედ მაგომედოვს დაეჭიდა და საფინალო გონგამდე 6 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიაღებინა. მეექვსე შეხვედრაში კი გურამ თუშიშვილი რენატ საიდოვთან სუფთა გდებით დამარცხდა და საერთო ანგარიში 1:5 გახდა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტები კანადის ნაკრებთან დაწყვილდნენ. სამწვრთნელო შტაბმა მეოთხედფინალში ნაჭიდავებ სპორტსმენთაგან განაცხადში მხოლოდ ჯანაშვილი, ქებაძე და ჭრიკიშვილი დატოვა. სტამის ნაცვლად ტატამზე ნინო ოძელაშვილი გავიდა, მარგველაშვილი ისევ გიუნაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო თუშიშვილი – ოქრუაშვილმა.

სამი შეხვედრის შემდეგ კანადა უკვე 3:0-ს იგებდა. ჯანაშვილი კატრინ ბუჩემინ-პინარდთან შებოჭვაზე მოჰყვა, გიუნაშვილმა არტურ მარგელიდონთან შეხვედრაში სამი გაფრთხილება მიიღო. ოძელაშვილმა კი კელიტა ზუპანჩიჩის ვაზარს ვაზარითვე უპასუხა და "ოქროს დროში” შიდოს უპირატესობით გადავიდა, მაგრამ იქ შებოჭვით წააგო.

ჭრიკიშვილმა ზაჩარი ბარტს ორი ვაზარით სძლია და საერთო ანგარიში 1:3 გახდა, მაგრამ ქებაძემ ანა ლაურა პორტუონდოს ვერ აჯობა და კანადელებმა მეოთხე ქულა მიითვალეს.

წერტილი ადამ ოქრუაშვილმა დასვა, კაილი რეიესისთვის დამატებით დროში შესრულებული ვაზარით.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში იაპონია და ბრაზილია გავიდნენ. რეპეშაჟის ფინალში საფრანგეთი რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო კანადა – სამხრეთ კორეას.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115299