ძიუდო

10:09 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი დასასრული - ოქროს და სენსაციის გარეშე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიოს 2017 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატის ბოლო - მეექვსე დღე წინა ხუთზე შედეგიანი, მაგრამ ამავდროულად, გამორჩეულად სევდიანი აღმოჩნდა. ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მსოფლიო პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი დრამატულ ბრძოლაში დაკარგა. ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოჭიდავე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) კი ნახევარფინალში, მსოფლიო ძიუდოს სუპერვარსკვლავ ტედი რინერთან 5 წუთი ტოლსწორად იბრძოლა, მაგრამ ისტორიული გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა. ბოლოს კი სულაც, უმედლოდ დარჩა.

დღეს ბუდაპეშტის ტატამზე მსოფლიოს სამეულები მამაკაცთა შორის 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსო, ხოლო ქალებში - +78 კილოგრამში. ქართული დროშის ქვეშ მსოფლიოს კონკურენციაში ოთხი ძიუდოისტი ჩაება.

ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა - ევროპის 3-გზის პრიზიორთან, გერმანელ ჟასმინ კუელბსთან შეხვედრაში ილეთზე არ დავარდნილა, მაგრამ 2 წუთსა და 38 წამში მსაჯისგან სამი შიდო მიიღო.

ვარლამ ლიპარტელიანმა, გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს. მეოთხედფინალამდეც სამივე მივიდა და შესაბამისად, ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლებაც მოიპოვეს.

ლიპარტელიანმა კოტდივუარელ კოფი კრიმ კობენასთან დაჭიდებით დაიწყო. პირველსავე წუთზე ვაზარით დაწინაურდა და უპირატესობა ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა. ვაზარითვე გაუსწორდა მეორე წრეში, ალჟირელ ლიე ბუიაკუუბს.

მერვედფინალში ვარლამ ლიპარტელიანის გზა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილი ფრანგის - სირილ მარეს გზას კვეთდა, რომელთანაც ქართველი ძიუდოისტი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდა. წილისყრიდან მოყოლებული, მათ მეორე დაპირისპირებას დიდი ინტერესით ველოდით, მაგრამ რევანშის შანსი სამომავლოდ გადაიდო, რადგან სირილ მარემ პირველსავე შეხვედრაში წაიფორხილა – ლატვიელ ევგენის ბოროდავკოსთან წააგო.

ლიპარტელიანმა ბოროდავკოსაც ტაქტიკური ჭიდაობით, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, ისევ ერთი ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში კარგად ნაცნობ მეტოქეს – ევროპის 2-გზის ჩემპიონს, რუს კირილ დენისოვს დაუპირისპირდა. ამ ორი ძიუდოისტის კონკურენცია ჯერ კიდევ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიწყო. 2008 წლიდან მოყოლებული, მათ შორის არაერთი დრამატული ბრძოლა გაიმართა. სტატისტიკა რუსის სასარგებლოდ იყო – 10 შეხვედრაში 7 მოგება. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი მათი პირველი ბრძოლა ჩვენ რომ გაგვიხარდებოდა, ისე დასრულდა – ვარლამ ლიპარტელიანმა მესამე წუთზე, მეტოქის მიერ წამოწყებული ილეთი თავად გააგრძელა, დენისოვი ბეჭზე გადაატარა და ვაზარით დაწინაურდა. დარჩენილ დროში კი რუსს ბრძოლის სათავისოდ შეტრიალების მინიმალური შანსიც არ მისცა.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების უხვტიტულა წევრმა ევროპის (2017) და მსოფლიოს (2013) ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს უილეთოდ აჯობა. ორი გაფრთხილება ძირითად დროში მიაღებინა, მესამე - "ოქროს დროში”.

ერთი გამარჯვებაც და მსოფლიოს ვერცხლის (2013) და 2-გზის ბრინჯაოს (2014 და 2015) პრიზიორი ლიპარტელიანი კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ ერთ ვერცხლს დასჯერდა. მიზნამდე ამჯერად იაპონელი აარონ ვოლფის ძლევა დააკლდა. ქართველი ძიუდოისტი მთელი შეხვედრა ინიციატივას ფლობდა და მართალია ილეთით ვერ დაწინაურდა, მაგრამ "ოქროს დროში” ორი შიდოს უპირატესობით გადავიდა. იქ კი ვოლფმა მთელ შეხვედრაში პირველად შეუტია და ოქროს ფასი ვაზარიც შეასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული.

გურამ თუშიშვილი (+100 კგ) უნგრეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. 22 წლის ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ტატამზე მეორე ნომრად განთესეს. წილისყრისას კი აშკარად არ გაუმართლა. ლამის ყველა ფავორიტი მის მხარეს მოხვდა სატურნირო ბადეში.

საქმეში თუშიშვილი მეორე წრიდან ჩაერთო, აზიის 3-გზის ჩემპიონთან და მსოფლიოს 2011 წლის ბრინჯაოს პრიზიორთან – 30 წლის სამხრეთკორეელ სუნგმინ კიმთან შეხვედრით და წუთსა და 19 წამში მოასწრო მეტოქის ვაზარიზე დაგდება და შებოჭვა.

შემდეგ ბრძოლაში პანამერიკის ჩემპიონს კუბელ ალექს გარსია მენდოზას დაეჭიდა, რომელმაც იქამდე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი, ჰოლანდიელი როი მეიერი გაუშვა შინ. თუშიშვილმა მენდოზას ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ავსტრიელ დანიელ ალერშტოფერს 9 წამში შეუსრულა ულამაზესი კისრული.

ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიო ძიუდოს ფრანგ სუპერვარსკვლავს – ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 8-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონს, ტედი რინერს დაეჭიდა და უძლეველი გოლიათი და მისი ქომაგები გვარიანადაც ანერვიულა. რინერი ბოლოს 2010 წელს დამარცხდა. მას შემდეგ კი ასე ახლოს მარცხთან არასოდეს ყოფილა. უილეთოდ და გაფრთხილებების გარეშე გალეული ძირითადი ოთხი წუთის შემდეგ, თუშიშვილმა ფრანგ გოლიათს ცერი გამოჰკრა და თითქოს ვაზარიზეც დასცა, მაგრამ რინერმა მოასწრო წამგებიანი გდებისგან თავის არიდება. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში კი თავად აიღო ვაზარი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეცხრედ გავიდა.

გურამ თუშიშვილი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ ემოციურად და ფიზიკურად იმდენად დაცლილი იყო, მონღოლ ტუვშინბაიარ ნაიდანთან აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდა. ჯერ ვაზარი გაუშვა გდებით, ხოლო შეხვედრის ბოლოს შებოჭვაზე მოჰყვა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

მძიმე წონაში თუშიშვილის გარდა კიდევ ერთმა ქართველმა მძიმეწონოსანმა – ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა ადამ ოქრუაშვილმაც იჭიდავა და ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში, სწორედ ტუვშინბაიარ ნაიდანთან წაგებით დაასრულა. იქამდე ოქრუაშვილმა ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდი და უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო ჩამოიშორა.

რეპეშაჟში კი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელთა მთავარ ფალავანს, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის პრიზიორ ბარნა ბორს დაუპირისპირდა. იქამდე ჩატარებული შვიდი ურთიერთშეხვედრიდან მისთვის ხუთჯერ მოეგო. მერვე დაპირისპირებაში კი მეტოქესთან ვერაფერს გახდა – სამჯერ ვაზარიზე დავარდა. საფინალო გონგამდე ორიოდ წამით ადრე კი სუფთად წააგო და მსოფლიოს პირველობაზე მე-7 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2017 წლის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ბრინჯაოს დაეუფლნენ. ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი ფინალში წააგო და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდა.

სეზონის უმთავრესი შეჯიბრება დღეს, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატით დაგვირგვინდება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

28 აგვისტო – 2 სექტემბერი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ალექსანდერ ვუსცერზაკი (გერმანია)

2 მატეო მარკონჩინი (იტალია)

3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

3 საეიდ მოლაეი (ირანი)

90 კგ

1 ნემანია მაიდოვი (სერბეთი)

2 მიხაელ ჟგანკი (შლოვენია)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 დონგან გვაკი (სამხრეთ კორეა)

100 კგ

1 აარონ ვოლფი (იაპონია)

2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

5 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 ამი კონდო (იაპონია)

52 კგ

1 აი შიშიმე (იაპონია)

2 ნაცუმი ცუნოდა (იაპონია)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

3 ერიკა მირანდა (რუსეთი)

57 კგ

1 სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი)

2 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

3 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ნეკოდა სმიტ-დევისი (ბრიტანეთი)

63 კგ

1 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

2 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

3 მანგუნჩიმეგ ბალდორჟი (მონღოლეთი)

3 აგატა ოზდობა (პოლონეთი)

70 კგ

1 ჩიზურუ არია (იაპონია)

2 მარია პერესი (პუერტო რიკო)

3 იური ალვეარი (კოლუმბია)

3 მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)

78 კგ

1 მარია აგიარი (ბრაზილია)

2 მამი უმეკი (იაპონია)

3 კალიემა ანტომარჩი (კუბა)

3 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

+ 78 კგ

1 სონგ იუ (ჩინეთი)

2 სარა ასაინა (იაპონია)

3 მინიონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ირინა კინძერსკა (პოლონეთი)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 4 0 0 0 0

2 სერბეთი 1 0 0 1 0

3 საფრანგეთი 1 0 0 0 0

3 გერმანია 1 0 0 0 0

5 აზერბაიჯანი 0 2 1 2 1

6 საქართველო 0 1 2 2 1

7 რუსეთი 0 1 2 0 2

8 ბრაზილია 0 1 1 0 0

9 იტალია 0 1 0 0 0

9 სლოვენია 0 1 0 0 0

0.134188