ფეხბურთი

1:32 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიქრები ვენისკენ

მოდით, აღვნიშნოთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოსალოდნელზე კარგად ითამაშა და ხარისხი შესარჩევის წინა მატჩებთან შედარებით მომატებული იყო, თუმცა ზედმეტი დითირამბებიც არაა საჭირო - ამას არაერთხელ მოუტანია ზიანი საქართველოს ნაკრებისთვის.

საქართველომ, როგორც იქნა, მოახერხა ირლანდიასთან არწაგება. ეს მოახერხა მეცხრე ჯერზე. აქამდე წაგებული რვა მატჩიდან შვიდში თავისუფლად შეგვეძლო სხვაგვარი შედეგის მიღწევა, მაგრამ არ გვიმართლებდა, ხან მსაჯის შეცდომებიც იყო. ისე, შეცდომას ვერც ამჯერად ავუვლით გვერდს – შეინ დაფის გოლი თითქოს წესების დარღვევით გავიდა, ოღონდ, გიორგი მაკარიძის გამოსვლაც არ იყო აუცილებელი. საერთოდაც, მაკარიძეს საწყის 10-15 წუთში აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა (რაც უთამაშებლობიდან მოდის), მერე კი გამოასწორა თამაში და რთული ბურთებიც მოიგერია.

და რადგან უთამაშებლობა ვახსენეთ, სასტარტოში რამდენი ფეხბურთელი მოხვდა საკლუბო პრაქტიკის გარეშე? მაკარიძის გარდა, ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია. არადა, სწორედ ისინი იყვნენ ერთ-ერთი საუკეთესოები. განსაკუთრებით სიურპრიზი იყო გვილიას ასეთი გარჯა: ბატე-ში არცთუ კარგად მისდის საქმე. კარგი იყო ნიკა კვეკვესკირიც, რომელსაც ტიპიური საყრდენის როლი ჰქონდა და მშვენივრადაც ანაწილებდა პასებს, მეტოქის შეტევების ჩაშლაც გამოსდიოდა.

ირლანდიელებმა იგრძნეს, რომ ბურთის გათამაშებაში ქართველებს ვერ აჯობებდნენ, ცენტრი წააგეს და კონტრშეტევებზე ააგეს თამაში. ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში არ შეცვლილა სურათი.

საპასუხო გოლი კი 34-ე წუთზე გავიდა. გვილიამ ანანიძე მოძებნა, მან კი დაფარული პასით პირისპირ გაიყვანა ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა და მეექვსე სანაკრებო გოლი გაიტანა – 1:1.

საგოლე მომენტები უამრავი გვქონდაო, ვერ დავიბრალებთ. მეტიც, ირლანდიელებმა უფრო შექმნეს, მაგრამ საქართველოს ჰქონდა უპირატესობა როგორც ტერიტორიული, ასევე შინაარსობრივი. სამწუხაროდ, გიორგი ჭანტურიამ ვერ გაამწვავა თამაში: რამდენიმე ეპიზოდში უკეთ უნდა ემოქმედა. ბოლოს ისევ შეცვლაზე შესულ გიორგი მერებაშვილს შეეძლო გატანა და ოდნავ ააცილა შორეული დარტყმით.

ნუ ვიწუწუნებთ ვერმოგების გამო, რადგან სტუმრებსაც არ გაუმართლათ. ერთხელ იყო, მაკარიძემ და გურამ კაშიამ გადაარჩინეს კარი, მეორედ კი ეიდენ მაკგიდიმ დაგვინდო და ახლოდან სარაგბო გარდასახვასავით დაარტყა.

5 სექტემბერს შესარჩევის მერვე მატჩი გველის. ვენაში ავსტრიასთან. იმ ავსტრიასთან, რომელმაც უელსში 0:1 წააგო და ფაქტობრივად, დაკარგა კიდეც მუნდიალზე გასვლის შანსი.

კიდევ ის სიახლე დავინახეთ, რომ ვაისის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა პირველად ჩაატარა ორი ტაიმი თანაბრად – ყოველ შემთხვევაში, შესარჩევ ციკლში მსგავსი არ გვახსოვს. აქამდე მკვეთრად განსხვავებულ 45-წუთიანებს ვუყურებდით.

2 სექტემბერი. თბილისი. დინამო არენა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი

საქართველო – ირლანდია 1:1 (1:1)

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, გვილია, ანანიძე, ჯიღაური (ჭანტურია 75), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90+3), ქვილითაია (მერებაშვილი 85)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, დაფი, კლარკი, უორდი, ბრეიდი, ველანი (მერფი 79), არტერი (მაკგიდი 61), მაკლინი, ვალტერსი, ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

გოლები: 0;1 დაფი (4), 1:1 ყაზაიშვილი (34)

გაფრთხილება: კვეკვესკირი (37), ჯიღაური (62) – მაკლინი (76)

მსაჯი: კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

1. სერბეთი 7 4 3 0 16:7 15
2. ირლანდია 7 3 4 0 9:5 13
3. უელსი 7 2 5 0 10:5 11
4. ავსტრია 7 2 2 3 9:9 8
5. საქართველო 7 0 4 3 7:11 4
6. მოლდოვა 7 0 2 5 4:18 2
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113274